გია ხუხაშვილი: კვალიფიციურ ადამიანებს, სურვილი არა აქვთ, თავისი ავტორიტეტი „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირონ

საქართველო, თბილისი - 11:57 | 06.01.2016
ნანახია: 3714

ქვეყნის შიდა პოლიტიკის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე „პრაიმნიუსჯორჯია“ პოლიტიკურ ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა:

-ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლისა და მინისტრთა კაბინეტის ძველი შემადგენლობით შენარჩუნების ფონზე, არაერთი განცხადება გაკეთდა იმის თაობაზე, რომ ახლო მომავალში მთავრობაში მინისტრების შეცვლა დღის წესრიგში რჩება. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, რომელ მინისტრებს ემუქრება პოსტის დატოვება და რა სახის ცვლელებებია მოსალოდნელი ახალი პრემიერ-მინისტრის მხრიდან. სინამდვილეში არსებობს თუ არა სახელისუფლებო კრიზისი, რომლის შესახებაც ოპოზიციისა და ანალიტიკოსების ნაწილი საუბრობს?

-საქმე მხოლოდ გვარ-სახელებში არ არის, ჩვენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მმართველობითი სისტემის სერიოზული კრიზისი გვაქვს, როგორც გადაწყვეტილებების მიღებისა და მისი ეფექტურობის, ისე პასუხისმგებლობის აღების უნარის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, თავისთავად, ირაკლი ღარიბაშვილის წასვლა ტაქტიკურად სწორად აგებული ნაბიჯი იყო, მაგრამ თუ გვინდა, რომ რაიმე რეალურად შეიცვალოს, ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს.

-არის თუ არა, ხელისუფლებაში დაწყებული საკადრო ცვლილებები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული, რომელიც მმართველი გუნდის შეგნებულ გადახალისებას ითვალსიწინებს და გიორგი კვირიკაშვილი ამ პოსტზე სწორედ ამ ნიშნით იქნა შერჩეული?

-პოლიტ-ტექნოლოგურად გასაგებია, რომ ხელისუფლებას საარჩევნო წელს სჭირდებოდა ადამიანი, როემლსაც უნარი აქვს ნორმალური კომუნიკაცია იქონიოს საზოგადოებასთან. კარგად ვიცით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ასეთებს არ განეკუთვნებოდა, ის ყველა მიმართულებით ხიდებს წვავდა და არ დატოვა საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელსაც შეურაცხყოფა არ მიაყენა. ბუნებრივია, ხელისუფლებას ახლა საარჩევნო კონსოლიდაცია სჭირდება, მაგრამ ამოცანები მხოლოდ პოლიტიკური არ არსებობს და იგი სახელმწოფორებრივიც უნდა იყოს. ამოცანების გადაწყვეტის თვალსაზრისით, სამთავრობო გადაადგილება ბევრს არაფერს იძლევა. გიორგი კვირიკაშვილისადმი ჩემი და არა მხოლოდ ჩემი სიპატიის მიუხედავად, თუ მმართველობა სისტემურად არ გადაისინჯა, მათ შორის პერსონალური კუთხითაც, ბუნებრივია, ხელისუფლებას გაუჭირდება იმ გამოწვევებზე ღირსეული პასუხის გაცემა, რაც ქვეყნის წინაშე არსებობს, იქნება ეს შიდაპოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა მიმართულებით.

- ახალი პრემიერისადმი ერთსულოვანი მხარდაჭერა არსებობს, ხოლო სიმპატია-ანტიპატიაზე გაცილებით დიდი პრობლემა ხელიუფლების კულუარული მართვაა, რომელიც პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. მიგაჩნიათ, რომ ახალ პრემიერს უნარი აქვს, ასეთ სისტემაში პიროვნულად რაიმე შეცვალოს, ან რომელი მინისტრების შეცვლაა აუცილებელი?

-თავიდან უცნაური იყო ორი დღის ვადის მოთხოვნა, რამაც მოლოდინი გააჩინა, რომ მთავრობაში ვიღაც მაინც შეიცვლებოდა. გიორგი კვირიკაშვილმა, ფაქტობრივად, იგივე მინისტრთა კაბინეტი დატოვა, რამაც არ შექმნა კარგი შთაბეჭდილება. შეიქმნა საფრთხე, რომ მისთვის შეიძლება ასე მარტივი არ იყოს საკუთარი კაბინეტის დაკომპლექტება. თუ ყველაფერი არსებული სახით დარჩება, ეს იქნება ნიშანი, რომ გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი კი არა, მინისტრთა კაბინეტის სპიკერია. პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ვიღაცა გასაშვებ-მოსაყვანია, არამედ უნდა შეიკრას გუნდი, რომელსაც შეეძლება სწრაფად, ეფექტურად მოქმედება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ადამიანების უმრავლესობა, ვინც დღეს მთავრობაში გვაყავს, ძალიან შეეგუვნენ მდგომარეობას, როცა ჰალსტუხებით თბილ კაბინეტებში სხედან, „ჯიპებით“ დაგრიალებენ და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ. ამ წლების განმავლობაში მუდმივი აპელირება ხდებოდა ბიძინა ივანიშვილზე. თუ ვინმეს რამე არ მოსწონდა, პრეტენზია კონკრეტულ მინისტრზე კი არ ითქმოდა, არამედ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს, რაც ძალიან უსამართლო სისტემის შედეგია. უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც მინისტრი მართავს სფეროს, ის არის კონკრეტული პასუხისმგებელი. ასეთი სისტემის დამკვიდრება უნდა მოხდეს და ამას სჭირდება პიროვნებების გამოცვლა, რადგან უკვე არსებულ მინისტრებს ეფექტური მუშაობა და მასშტაბური გადაწყვეტილებების მიღებაზე „გადაწყობა“ ძალიან გაუჭირდებათ. აქედან გამომდინარეა მინსტრთა კაბინეტის შეცვლა საჭირო და არა იმიტომ, რომ მეტად კვალიფიციური პერსონები გვესაჭიროება.

-ფიქრობთ, რომ ხელისუფლებაში კვალიფიციურობის პრობლემა არ დგას?

კვალიფიკაციის პრობლემა შეიძლება ნაკლებად დგას, რადგან აქ საუბარია გადაწყვეტილებების მიღების უნარზე. რისი უნარიც მოქმედ მინისტრებს წინა ცხოვრებაში ჰქონდათ, მათ დღეს ეს ნება წართმეული აქვთ, ისინი საშუალო რანგის ჩინოვნიკებად ჩამოყალიბდნენ, რომლებსაც რუტინის მეტი არაფერი შეუძლიათ. ბიძინა ივანიშვილს კარგად ვიცნობ და ზუსტად ვიცი, შეიძლება რაღაც გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს, მაგრამ მთავრობის „ხელით მართვა“ და ყველა გადაწყვეტილების მიღება, რაც მას ბრალდება, ჩემი აზრით, არასწორია. პროპაგანდით, სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო ჩამოყალიბდა ვითარება, რომელიც ყველას აწყობს. ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს არაჯანსაღი მენტალიტეტი ჩამოუყალიბდათ. თუკი მინისტრი ხარ, პასუხისმგებლობას ვერ იღებ და გვერდიდან სხვა გკარნახობს, ეს მოკარნახის კი არა, შენი პრობლემაა.

-რამდენად იქნება მინისტრთა კაბინეტის მომავალი დამოკიდებული ახალ პრემიერზე, თუკი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს გამორიცხავთ ხელისუფლების საქმიანობაში?

-წინასწარ თქმა გამიჭირდება, თუმცა ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ხელისუფლებაზე მაღალია, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. ხელისუფლებაში პოლტიკური ფიგურები საერთოდ არ გვყავს. „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების მოლოდინის კრედიტი მთლიანად გაფლანგა და ისევ ბიძინა ივანიშვილის მხრებზე აცოცებულები აპირებენ ხელისუფლებაში დარჩენას. ეს ძალიან ცუდი მოცემულობაა. გიორგი კვირიკაშვილი იმის გარდა, რომ არის კარგი ადამიანი, ყოველშემთხვევაში ვუსურვებ, რომ გამოეჩინოს პრინციპულობა, რათა საზოგადოებაში გაჩნდეს განცდა, რომ ადამიანს აქვს უნარი მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილებები. ახალი პრემიერის სისუსტე ის არის, რომ პოლიტიკური ბექრაუნდი არა აქვს და მისი პოლიტიკური მხარე ჯერჯერობით ბუნდოვანია. ის, არის კარგი მენეჯერი, წესიერი ადამიანი, სადაც იყო, ყველანაირად ცდილობდა საქმის კეთებას, არასდროს უაზრო კონფრონტაციაში არ შედიოდა, იყო ადეკვატური. გიორგი კვირიკაშვილი ნედლი მასალაა და საბოლოო ჯამში, მისგან რა გამოიძერწება, ამ ეტაპზე რთული სათქმელია.

-2016 წლის დადგომამდე გაცილებით ადრე დაიწყო საუბარი შესაძლო ვადამდელ არჩევნებზე იქიდან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი თითქმის აღარ გააჩნია. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ შემოდგომამდე დარჩენილ დროში არსებული მდგომარეობის უარესობისკენ შეცვლის შიშით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს?

-ვადამდელი არჩვენების დანიშვნა თეორიულად შესაძლებელი, თუმცა, შინაარსს მოკლებულია, რადგან საპარლამენტო არჩევნებამდე თვეებია დარჩენილი. თუკი ვინმე ამ მიმართულებით იფიქრებს, ეს უფრო სახელმწიფოს წინააღმდეგ პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს, ვიდრე რეალურ სცენარად. ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებზე პრობლემები აქვს და ვადამდელი არჩევნები დღესაც რომ დაინიშნოს, სახელისუფლებო კოალიციის პერსპექტივა სახარბიელო არ არის. გეთანხმებით, რომ დროთა განმავლობაში მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, თუნდაც იმიტომ, რომ შესაძლოა, პოლიტიკურ ბაზარზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ. ე.წ. ნეიტრალურ ზონაში გასული ამომრჩეველი, რომელიც მიიჩნევს რომ ჰყავს ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია, რაღაც ახალს ელოდება. „ქართულ ოცნებას“ იმედი აქვს, რომ გააკეთებს რაღაცას და იმედგაცრულებულ ელექტორატს უკან დაიბრუნებს, მაგრამ ახალი ძალის გამოჩენის შესაძლებლობა ამ შანსს ამცირებს. „ქართულ ოცნებას“ დღეს შეიძლება მეტი შანსი აქვს, ვიდრე ოქტომბერში ექნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფელბაში დარჩენა გარანტირებული აქვს. რეალურად „ქართული ოცნების“ მდგომარეობა ძალიან მძიმეა. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ასეთი ვითარება, რომ ხელისუფლებას რეგიონში უარესი მდგომარეობა ჰქონოდა, ვიდრე თბილისში. რეგიონებში „ქართული ოცნების“ რეიტინგი და ავტორიტეტი ძალიან არის დაცემული, რაც მართლა საგანგაშო მდგომარეობაა.

-სახელისუფლებო კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტებიდან საკუთარი მდგომარეობით ყველაზე კმაყოფილი „რესპუბლიკელები“ არიან. ისინი წარმატებად მიიჩნევენ იმას, რომ მთავრობაში ორი მინისტრი ჰყავთ და აქვთ შესაძლებლობა, წინასაარჩევნოდ თავიანთი პირობები თამამად წარმოადგინონ. ფიქრობთ, რომ მოსალოდნელია „რესპუბლიკელების“ გავლენა თავად ხელისუფლებაზე მათ სასარგებლოდ შეიცვალოს?

-შიდა კონკურენციაში „რესპუბლიკელების“, და არა მხოლოდ მათი, ლეგიტიმაცია საზოგადოების მხრიდან ძალიან დაბალია. თავად „რესპუბლიკლების“ ლეგიტიმაცია კი, „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პატრიებს შორის, ყველაზე დაბალია. მე არ ვგულისხმობ პლუს - რეიტინგს, არამედ ვგულისხმობ მინუს-რეიტინგს. სხვა პარტიებს არც ერთი აქვთ და არც მეორე, მაგრამ „რესპუბლიკელების“ პლიუს-რეიტინგი ძალიან დაბალი და მინუს-რეტინგი ძალიან მაღალი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პარტიის მიმართ საზოგადოების მხრიდან მიუღებლობა გააჩნია. სხვა პარტიები შეიძლება საზოგადოებას არ უყვარს, მაგრამ არც სძულს. „რესპუბლიკური პარტიის“ მიმართ ასეთ მაჩვენებელი რამდენად სუბიექტური ან ობიეტურია, სხვა საკითხია, მაგრამ როცა რომელიმე პარტიას იმაზე მეტი ამბიციები უჩნდება, ვიდრე მისი საზოგადოებივი ლეგიტიმაცია უჩვენებს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისადმი აგრესიას ამაღლებს. „რესპუბლიკური პარტია“ პროფესიული კუთხით, სახელმწიფო მართვაში ხელისუფლებისთვის შეუცვლელია თუნდაც საშუალო დონის მენეჯმენტში, რადგან „ქართული ოცნება“ ამ ფონზე კატასტროფულად გამოიყურება. პარადოქსია, მაგრამ „რესპუბლიკლები“ ერთი მხრივ, გამწევი ძალაა და მეორე მხრივ, -ბალასტია. ჩემი აზრით, საარჩევნო პერიოდში ეს პარტია უფრო ბალასტია, ვიდრე ხელისუფლებისთვის რაიმე პოზიტივის მომტანი. ეს არის ურთულესი პრობლემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წლების განმავლობაში არათუ ვერ გადაწყვიტა, არამედ უარესად გაართულა და გააუარესა თავისი მდგომარეობა.

-„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ, რომ საარჩევნო სიებში ორიენტირი ახალი სახეების გამოჩენა იქნება. რამდენად შესაძლებელია, ახალი სახეებით კოალიციის „გაკეთილშობილება“?

-შეიძლება ერთი ორი სახე გამოაჩინონ, მაგრამ ხარისხობრივი გადახალისება „ქართულ ოცნებაში“ ვეღარ მოხდება. ამისთვის არც დრო აქვთ და კვალიფიციურ, კარგ ადამიანებს, რომლებსაც ისინი ეძებენ, სურვილი არა აქვთ, საკუთარი ავტორიტეტი „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირონ.

-თქვენ უკვე აღნიშნეთ მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის შესაძლებლობის შესახებ. გულისმობთ თუ არა, რომ საბოლოოდ, ეს ცენტრი პაატა ბურჭულაძის სახელის ქვეშ გაერთიანდება და მას ექნება რეალური პერსპექტივა, საზოგადოებრივი მხარდაჭერა იმ დონეზე „გადაქაჩოს“, რომ საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლოს?

- მარტო ხელისუფლებაში კი არა, მთლიანად პოლიტიკური ელიტის კრიზისი გვაქვს. თუკი, ვინმე თეორიულად შეიძლება გამოჩნდეს, ვინც 40-45% ნეიტრალური ზონის ამომრჩევლის მხარდაჭერას მოახერხებს, ეს უპირველესად პაატა ბურჭულაძეა. მეორე მხრივ, პაატა ბურჭულაძე ჩვენ რეალურ პოლიტიკაში არ გვინახავს. ქართულ პოლიტიკაში თამაშის მკაცრი წესებია, ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ გაუძლებს იმ დარტყმებს, რომელიც პაატა ბურჭულაძის მიმართულებით წამოვა. მას ერთი-ორი ტესტი კიდევ ჩასაბარებელი აქვს. მან კარგად ჩააბარა სანდრო გირგვლიანის საკითხთან დაკავშირებული ტესტი და ჩემი აზრით, ძალიან პრინციპული და საღი პოზიცია დაიკავა. მისი განაცხადი გარკვეულწილად პოზიტიური იყო, თუმცა, ეს მხოლოდ მისი პირველი ნაბიჯია. პაატა ბურჭულაძეს ქართული საზოგადოების წინაშე დასადასტურებელი აქვს, რომ შეუძლია მკაცრი წესებით ითამაშოს და ყველაფერს ღირსეულად გაუძლოს. ამასთან, პაატა ბურჭულაძეს დასჭირდება პოლიტიკური პარტნიორები, ადამიანები, რომლებმაც იციან პოლიტიკა და გააჩნიათ პოლიტიკური გამოცდილება. თეორიულად, პაატა ბურჭულაძეს შეუძლია პრობლემა შეუქმნას დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას და ქართული მანკიერი პოლიტიკური მოზაკა შეცვალოს. ვნახოთ, რა იქნება.

„პრაიმნიუსჯორჯია”, ხათუნა ხატიაშვილი

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე