ვანის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო

საქართველო, თბილისი - 19:45 | 08.04.2020
ნანახია: 840

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კონტროლის გამკაცრების მიზნით ქალაქ ვანის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათის განმავლობაში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს და ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ.

ასევე, ადგილზე მოხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე