შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 20.08.2019
ნანახია: 868

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული რ.ს. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს, ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა რ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკებისას შვილს მ.ს.-ს, დანით გულმკერდის არეში ორი ჭრილობა მიაყენა. სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მ.ს. -ს გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა რ.ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19,108-ე მუხლით (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ რ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე