კახეთში გვაქვს ეკონომიკის განვითარების ძალიან დიდი რესურსი - მამუკა ბახტაძე
საქართველო, თბილისი - 12:39 | 30.05.2019 ნანახია: 1361
კახეთში არის ის პოტენციალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა თავის ოჯახში იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფორუმზე - „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - კახეთი 2019“ - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გარკვეული პრობლემებით სავსე ეკონომიკური სტრუქტურა დატოვა მემკვიდრეობით, რასაც მიზანმიმართული პოლიტიკა სჭირდება, რათა ქართული ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს
„ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ რეგიონულ განვითარებაზე. გვწამს, რომ ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს. ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში განსაკუთრებულ პრიორიტეტს ვანიჭებთ ინკლუზიურ ზრდას, ისეთი ტიპის ზრდას, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს შეეხება. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩატარებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ჩვენ გარკვეული პრობლემებით სავსე ეკონომიკური სტრუქტურა დაგვიტოვა მემკვიდრეობაში და ბუნებრივია, ამას სჭირდება მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ეს შევცვალოთ და ქართული ეკონომიკა გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ინკლუზიური და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეგიონულ განვითარებას განსაკუთრებული როლი ენიჭება. კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იყო 2018 წელი, ვინაიდან, სწორედ 2018 წელს ჩატარებული რთველი იყო ყველაზე წარმატებული დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლებში გადადგმულმა ნაბიჯებმა კონკრეტული შედეგი მოგვცა, თუმცა ჩვენ შორს ვართ სასურველი ნიშნულიდან. ჩვენი შეფასებით, მხოლოდ კახეთის რეგიონი რომ ავიღოთ, ეკონომიკური პოტენციალის 25 პროცენტია მხოლოდ გამოყენებული. ეს ნიშნავს, რომ ამ ულამაზეს კუთხეში გვაქვს ეკონომიკის განვითარების ძალიან დიდი რესურსი და რაც მთავარია- ინკლუზიური განვითარების რესურსი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფორუმში მონაწილეობენ უცხოელი ბიზნესმენები, რომელთაც აქვთ სურვილი, საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ. მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავსი ფორმატები უზრუნველყოფს უცხოელი ინვესტორებისათვის საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის უკეთ გაცნობას. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი ფორუმები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.
„კახეთი არის საქართველოს ულამაზესი კუთხე, თავისი დიდი ისტორიით, ტრადიციით, ის არის მეღვინეობის აკვანი და მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენს კულტურაში. კახეთში მეღვინეობა ძალიან აქტიურად ვითარდება, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ განვითარების კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს. მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ხდება ბაზრების დივერსიფიკაცია. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ იყოს დამოკიდებული რომელიმე ერთ მსხვილ ბაზარზე. კარგია, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ამ ნაწილში ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს კონკრეტული დავალება მიცემული ამ საკითხთან დაკავშრებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, კახეთის რეგიონს აქვს დიდი პოტენციალი სხვადასხვა მცენარეული კულტურების განვითარების მიმართულებით.
„მნიშვნელოვანია, რომ კახეთში ბოლო წლების განმავლობაში კაკლოვანი კულტურების პოპულარიზაცია მოხდა. კაკლოვანი კულტურების განვითარება აქტუალურია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოსთვის. კახეთში ამ კუთხით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა, რაც ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია. ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის კულტურები, რომელიც შეიძლება ვიღაცას ეგზოტიკად მოეჩვენოს, მაგრამ გარწმუნებთ, კახეთის რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და ამის მაგალითია ზეთისხილის გაშენება, რომელიც ძალიან მზარდი პროდუქტია მსოფლიო ბაზარზე და საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ამ მიმართულებითაც დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო ბაზარზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, კახეთი ხდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო გააქტიურდეს.
„ეს კუთხე უნიკალური ისტორიის მატარებელია. ბევრი კულტურული ძეგლი, რითაც თითოეული ქართველი ამაყობს, სწორედ კახეთშია და ბუნებრივია, ამ ნაწილში ინფრასტრუქტურის განვითარებას განსაკუთრებული როლი ენიჭება. მე მიხარია, რომ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც კახეთის რეგიონში დავგეგმეთ, გრაფიკით მიმდინარეობს და კიდევ ერთხელ ყველას მინდა მოვუწოდო, მათ შორის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რომ სწორედ ეს ტემპია შესანარჩუნებელი, რომ კახეთში ინფრასტრუქტურა რაც შეიძლება დროულად განვავითაროთ, რათა გვქონდეს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ამ ულამაზეს კუთხეში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, კახეთში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტების ცენტრების რეაბილიტაცია, რომელიც 2020 წლის ზაფხულამდე დასრულდება.
„ეს კიდევ უფრო აამაღლებს ტურისტულ პოტენციალს ამ ულამაზეს კუთხეში. ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება, არ ემსახურება იმ მიზანს, რომ ჩვენ მხოლოდ რომელიმე ერთი მიმართულება განვავითაროთ. ჩვენთვის ამოსავალი წერტილია ინკლუზიური ზრდა - ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. მე დარწმუნებული ვარ, კახეთის რეგიონი იქნება ყველაზე წარმატებული რეგიონი ამ პოლიტიკის რეალიზაციის შედეგად. შარშან ჩვენ გვქონდა კონკრეტული შედეგი, ვინაიდან ეს იყოს ყველაზე წარმატებული რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და იმედი მაქვს, შემდეგი წლები იქნება კიდევ უფრო წარმატებული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
„საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - კახეთი 2019“ წინანდალში გაიმართა. ფორუმში საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მაღალი რანგის უცხოელი ინვესტორები მონაწილეობდნენ. ფორუმის მთავარ მიზანს წარმოადგენს სამომავლო, საინვესტიციო პერსპექტივების განხილვა და მეტი ინვესტიციის მოზიდვა კახეთის რეგიონისთვის.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















