მესტიაში ბეტონის არხის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველო, თბილისი - 15:26 | 08.12.2015
ნანახია: 1541

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ლუჰაში გამდინარე ხევზე არსებული ბეტონირებული არხის რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა.

ხევი, რომელზეც ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა, საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებს შორის გაედინება. სოფლის ტერიტორიაზე ხევის კალაპოტი მართკუთხაბეტონის არხს წარმოადგენს. სოფლის დასახლებული უბნის გავლის შემდეგ კი, ისევ გადადის ბუნებრივ მიწის კალაპოტში და რამდენიმე ასეულ მეტრში, მარცხენა მხრიდან მდინარე ენგურს უერთდება.

ხევის კალაპოტის ბეტონის კონსტრუქცია დაზიანებული იყო და აღდგენას საჭიროებდა. წყალმოვარდნებისას წყლის ნაკადი ბეტონის კედლებზე ზევიდან გადაედინებოდა და საკარმიდამონაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებს ტბორავდა.

პროექტის ფარგლებში, სოფლის მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების დასაცავად, 290 მეტრიან მონაკვეთზე გაიზარდა არხის გამტარუნარიანობა, აღდგა დაზიანებული ფსკერი და კედლები.

პროექტი 2014 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ  398 ათას 344 ლარი შეადგინა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე