ეკა ბესელიას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" პრიზი გადასცა

საქართველო, თბილისი - 14:44 | 25.07.2018
ნანახია: 1018

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" პრიზი გადასცა.

"ეს პრიზი და აღიარება არის იმ შრომის შედეგი რაც მიმართულია საერთო საქმისთვის, პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის. ჩემთვის მთავარი მიზანია, რომ იყოს ძლიერი პარლამენტი და ვემსახუროთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პრიზის გადაცემის შემდეგ.

ეკა ბესელიას, როგორც პარლამენტის ყველაზე აქტიურ წევრს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" პრიზი გადასცა. დეპუტატის აქტივობა შეფასდა რამდენიმე კრიტერიუმით, მათ შორის, ინიცირებული კანონებით და სიტყვით გამოსვლებით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" პრიზი გადასცა, ასევე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, როგორც ყველაზე აქტიურ კომიტეტს.

ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორისა და პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილის პრიზი უმცირესობიდან სერგო რატიანს გადაეცა. უმცირესობიდან და უმრავლესობის გარეთ მყოფი ფრაქციებიდან პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილის სტატუსი რომან გოცირიძეს მიენიჭა.

პარლამენტის ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის პრიზი ირინა ფრუიძეს გადაეცა, ხოლო თამარ ჩუგოშვილს – გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში წარმოადგინა IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების კვლევა, რომელიც 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე