დღეს საქართველოს ეფექტური მმართველობისთვის 11 სამინისტროზე მეტი არ სჭირდება - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 17:31 | 19.06.2018
ნანახია: 812

„დღეს საქართველოს ეფექტური მმართველობისთვის 11 სამინისტროზე მეტი არ სჭირდება. ეს არის ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა,“ - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას მამუკა მდინარაძის კითხვის პასუხად გააკეთა.

“ბოლო ორი დღის განმავლობაში ისმის საკმაოდ კრიტიკული შეფასებები ოპოზიციის მხრიდან, რაც დაკავშირებულია თეორიულ და იურიდიულ დაშვებაზე, რომ მართლაც, მეც დავადასტურებ, რომ თეორიულად შესაძლებელია პარლამენტმა და ახლადდამტკიცებულმა მთვარობამ ვერ მიაღწიოს შეთანხმებას გარკვეულ საკანონმდებლო მიდგომასთან, სამინისტროების შემცირებასთან, მცირე მთავრობასთან დაკავშირებით. რა ხდება ამ თეორიული დაშვების დროს, რას ვაკეთებთ? რა შედეგი გველოდება? ჩვენ ამაზე უმრავლესობის სხდომაზე ვისაუბრეთ. მინდა თქვენ თავად უთხრათ საზოგადოებას იმის შესახებ, რა ხდება იმ დროს, როცა არის შესაძლო დაშვება, რომ ვერ შევთანხმდებით გარკვეულ საკითხებზე - რა მოლოდინები გაქვთ ამ მიმართულებით?“ - მიმართა მამუკა ბახტაძეს მამუკა მდინარაძემ.

პასუხად მდინარაძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ მის მიერ წარდგენილი პროგრამა მცირე მთვარობის კონცეფციას ეფუძნება და ამის განხორციელებაზე პასუხისმგებელია.

„პროგრამა, რომელიც მე წარმოვადგინე, მცირე მთავრობის კონცეფციას მოითხოვს. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა ერთადერთი საშუალება, რომ პარლამენტთან ამ საკითხებზე გვქონოდა კონსულტაციები - მთავრობა დამტკიცებულიყო ძველი სტრუქტურით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ნდობას გამოაცხადებთ, შემდეგ ჩვენი გუნდი შემოიტანს კანონპროექტს, რომელსაც ერთად განვიხილავთ პარლამენტში. ეს გულისხმობს მათ შორის სამინისტროების შემცირებას. მე ნამდვილად ვთვლი, რომ დღეს საქართველოს ეფექტური მმართველობისთვის 11-სამინისტროზე მეტი არ სჭირდება. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მე პარლამენტში მოვდივარ პროგრამით და ეს არის პროგრამის განუყოფელი ნაწილი,“ - განაცხადა ბახტაძემ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე