მოგერინიმ კმაყოფილება გამოხატა იმ ურთიერთობებით, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორისაა დამყარებული - საბანაძე

საქართველო, თბილისი - 17:14 | 09.03.2018
ნანახია: 907

ფედერიკა მოგერინიმ კმაყოფილება გამოხატა იმ ურთიერთობებით, რომელიც არის დამყარებული საქართველოსა და ევროკავშირს შორის, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მოგერინიმ განსაკუთრებით აღნიშნა წარმატებულად ჩატარებული ასოცირების საბჭო, ასევე ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები ღრმავდება.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დასვა საკითხი, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის, ასევე ხაზი გაუსვა ამ მისიის მუშაობასა და მნიშვნელობას. 

„მადლობა გადაუხადა ქალბატონ მოგერინის იმ ჩართულობაზე, რომელსაც ის არსებული დაძაბულობის მოსახსნელად ახორციელებს. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის საკითხს, ამ შეხვედრებზე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ შემცირდეს ეს ნაკადი და საფრთხის შეგრძნება, რომელიც ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს გაუჩნდა, მოიხსნას“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე