კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:08 | 06.03.2018
ნანახია: 975

ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს ცხედრის გადმოსვენება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ასევე, მალე მოხდება იმ ორი თანამოქალაქის დაბრუნება სახლებში, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა არიან.

„არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით აღარ გავაკეთებ შეფასებებს. ბევრი საუბარი იყო ამაზე. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს ცხედრის გადმოსვენება. სავარაუდოდ, ასევე მალე მოხდება ჩვენი იმ ორი თანამოქალაქის დაბრუნება სახლებში, რომლებიც ასევე არიან ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ ტატუნაშვილის საქმეზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი საერთო დოკუმენტზე შეჯერდნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი ახალგორის ადმინისტრაციის უფროსს, ფილიპ ხაჩიროვს აქვს, თუმცა მან ეს ინფორმაცია უარყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე