მხატვრები მსახიობ გიორგი მახარაძის დასახმარებლად ნამუშევრებს ყიდიან

საქართველო, თბილისი - 12:53 | 26.12.2017
ნანახია: 3648

ქართველი მხატვრები ლექსო ოქროპირიძე და მიხეილ აბრამიშვილი მსახიობ გიორგი მახარაძის დასახმარებლად ნამუშევრებს ყიდიან. მსურველებს საქველმოქმედო  აქციაში მონაწილეობა ინტერნეტის საშუალებით „თანამედროვე მხატვრების გალერეის“ ფეისბუქგვერდზე შეუძლიათ.

„მე იმედი მაქვს, ბევრი მხატვარი შემოგვიერთდება და ჩვენს წვლილს შევიტანთ დავეხმაროთ გიორგი მახარაძეს ავადმყოფობის დამარცხებაში. თითოეული ჩვენგანის აქტიურობაზეა დამოკიდებული მისი ბედი“, - ამბობს მხატვარი მიხეილ ბერძენიშვილი.

„არ ვიცი მაქვს თუ არა უფლება ვინმეს მოვუწოდო რომ დავეხმაროთ ახალგაზრდა ადამიანს, თუმცა მე იმედი მაქვს, მხატვრებიც და ყველა სხვა სფეროს წარმომადგენლები დაფიქრების გარეშე მიიღებენ მონაწილეობას იმ ფორმით, როგორადაც მათ შეეძლებათ“, - ამბობს მხატვარი ლექსო ოქროპირიძე.

მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. მას მკურნალობა ესაჭიროება საზღვარგარეთ. მკურნალობის ხარჯებს ოჯახი თავისი სახსრებით ვერ ანაზღაურებს.

გიორგი მახარაძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მსახიობს რამდენიმე სერიალში აქვს მონაწილეობა მიღებული.  განსაკუთრებული პოპულარობა მას სერიალმა ,,ტიფლისმა" და ,,ჩემი ცოლის დაქალებმა" მოუტანა. გიორგი მახარაძეს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. ის მომღერალ მარიამ როინიშვილზე იყო დაქორწინებული. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე