იუსტიციის მინისტრმა კატარის ელჩი მიიღო

საქართველო, თბილისი - 18:23 | 28.07.2017
ნანახია: 1152

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კატარის ელჩი მუბარაკ ბინ ნასსერ ბინ მუბარაკ ალ-ხალიფა მიიღო.

მინისტრმა ელჩს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მართლმსაჯულებისა და სერვისების განვითარების სფეროში გატარებული რეფორმების გაზიარების კუთხით საქართველოს მზადყოფნა და იმედი გამოთქვა რომ კატარის სამთავრობო უწყებებთან არსებული აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოსა და კატარის იუსტიციის სამინისტროებს შორის წარმატებული სამართლებრივი თანამშრომლობა 2014 წელს მისი კატარში ვიზიტით დაიწყო. იუსტიციის მინისტრმა მაშინ დოჰაში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა კატარის ემირთან, პრემიერ-მინისტრსა და იუსტიციის მინისტრთან, ასევე შეხვდა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი სამართლებრივი სისტემის განვითარების ხელშესაწყობად.

„საქართველოს მთავრობა მუდმივად აუმჯობესებს მოქალაქეებისთვის საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას. ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ მოქალაქის უფლებები თანაბრად იყოს დაცული, როგორც ქალაქში, ისე სოფლებში. სწორედ ამიტომ, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია სოფლად მდებარე 45 საზოგადოებრივ ცენტრსა და 19 იუსტიციის სახლში",- აღნიშნა თეა წულუკიანმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე