ლია თოდუა: საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას არღვევს
საქართველო, თბილისი - 14:37 | 27.10.2015 ნანახია: 2987როდის გაუქმდა მომხმარებლის უფლებებს დაცვის შესახებ კანონი, რა წესებით უნდა ვიხემძღვანელოთ მის ნაცვლად, როდისთვის გვექნება ხალი კანონი, რა რეკომენდაციებს გვაძლევს ევროკავშირი, რომელ რეკომენდაციას ვასრულებთ და რომელი არის საერთოდ უგულვებელყოფილი, ამის შესახებ მომხმარებლის უფლებების შესახებ ახალი კანონპროექტის შემუშავებაში აქტიურად მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სტრატეგიული განვითარებისა და კვლევების ცენტრის“ ერთ-ერთ წარმოამდგენელს, პროექტ ,,მომხმარებელი.გე-ს“ ხელმძღვანელს, ექსპერტ ლია თოდუას ვესაუბრეთ.
- ვიცით, რომ არსებობდა კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, რომელშიც ეს უფლებები გაწერილი კი იყო, მაგრამ მათი დაცვის შესაძლებლობა ნაკლებად გვქონდა. ამ მხრივ, რა მდგომარეობა გვაქვს ამჟამად და რა უფლებებით შეუძლია ისარგებლოს მომხმარებელს?
- მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი 2012 წელს გაუქმდა. ერთადერთი საშუალება, რომლის მიხედვითაც, ბოლო სამი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობთ, ესაა სამოქალაქო კოდექსი. სიმართლე გითხრათ, ეს კოდექსი მომხმარებელს დიდად არაფერში უწევს ანგარიშს და მის მიხედვით, ფაქტობრვად, მეწარმის ან მოვაჭრის კეთილსინდისიერებაზე ვართ დამოკიდბული.
- რა ხდება ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, როდის დაიწყო მასზე მუშაობა და როდისთვის იგეგმება მისი განხილვა ან დამტკიცება?
მომხმარებელთა უფლებების შესახებ ახალ კანონპროექტზე მუშაობა, მთავრობის შეცვლისთანავე, ევროპული ინტეგრაციის კომიტეტმა დაიწყო, რაშიც არასამთავრობო ორგანიზაციები და ექპერტებიც აქტიურად ჩავერთეთ. თავის დროზე ამ კანონპროექტის ინიცირებაც მოხდა, მაგრამ შემდეგ მისი განხილვა, გარკვეული მიზეზების გამო, გადაიდო. როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი შეგვპირდა, უახლოეს პერიოდში ის დოკუმენტის პროექტს პარლამენტში განსახილველად გაიტანს და იმედი აქვს, რომ მალე დამტკიცდება კიდეც.
- ახალი კანონის მიხედვით რა ძირითადი მიმართულებები იქნება გათვალისწინებული?
- აღნიშნული კანონპროექტი პირდაპირ ავალდებულებს მწარმოებელს, რომ საკუთარ პროდუქციაზე მომხმარებელს საკმარისი ინფორმაცია მისცეს. ვინაიდან, თუ რომელიმე პროდუქტზე მომხმარებელს საკმარისი ინფორმაცია არ მიეწოდა, ეს უკვე ნაკლად ითვლება და მწარმოებელი ან მაღაზია მოვალე იქნება, უკან დაიბრუნოს ან გაცვალოს ნივთი. ამას გარდა, ნებისმიერი ნაკლიანი პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს უპირობო უფლება ექნება, პრეტენზია წაუყენოს გამყიდველს ან მწარმოებელს.
ამასთან, მომხმარებლის უფლება იყოფა ორ ტიპად. პირველი - ეს არის პროდუქციის უვნებლობა და მეორე - არ მოატყუონ მომხარებელი.
მაგალითად, ევროკავშირის დირექტივების მიხედვით კანონით დასჯადია ეგრეთწოდებული აგრესიული და ცრუ მარკეტინგი, რომელსაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. ეს არის მაღაზიების მიერ გამოცხადებული კოლექციების ლიკვიდაცია თუ გრანდიოზული ფასდაკლებები და ასე შემდეგ, რაც ხშირ შემთხვევაში რეალობას არ შეესაბამება და მყიდველის მისაზიდად არის გაკეთებული.
მსგავსი მარკეტინგი ევროკავშირში აკრძალულია. ჩვენ ჯერ-ჯერობით ეს ჩამონათვალი სრულად არ გადმოვწერეთ, მაგრამ აღვნიშნეთ, რომ მომხმარებლის მიერ ვითომ ფასდაკლებებზე შეძენილი პროდუქციაც ნაკლოვანად ჩაითვლება და მას უფლება ექნება, ნაყიდი ნივთი უკან დააბრუნოს.
- თუ მომხმარებელმა დაიჯერა, რომ 50-70 %-ან ფასდაკლებას სთავაზობენ, შეიძინა პროდუქტი და მერე აღმოაჩინა, რომ მოტყუვდა, შეუძლია მეპატრონეს უკან დაუბრუნოს?
- დიახ, მას შეუძლია მიმართოს ომბუდსმენს, აუხსნას მას შექმნილი ვითარება და იმოქმედოს კანონის შესაბამისად.
ასეთ შემთხვევაში, ევროპაში ომბუდსმენს პირდაპირ აქვს უფლება, მაღაზია დააჯარიმოს, მაგრამ ჩვენთან ჯერ მხოლოდ პროდუქტის მიბრუნებით უნდა შემოვიფარგლოთ.
- ახალი კანონის მიხედვით მომხმარებელს თავისი უფლებათადამცველი ეყოლება?
- დიახ, ყველაზე საინტერესო ფაქტი, რაც ახალი კანონპროექტით არის გათვალისწინებული, ისაა, რომ გვეყოლება მომხარებლის უფლებების დამცველი პირი ანუ ომბუდსმენი, რომელიც გარკვეულ კონსულტაციას გაგვიწევს და მეწარმესთან ან ბიზნესმენთან მოლაპარაკებაში დაგვეხმარება. თუ საქმე სასამართლომდე მივა, იქაც ჩვენს პოზიციებს დაიცავს.
ევროკავშირის კანონმდებლობით ომბუდსმენს დაჯარიმების და სანქციების დადების უფლებაც აქვს, მაგრამ ჩვენ ამ ეტაპზე უფრო რბილ ვარიანტზე შევჯერდით.
განრიგის მიხედვით, ამ საკითხებში ევროკავშირის უფრო მკაცრი დირექტივები საქართველომ 2019 წლიდან უნდა აამოქმედოს. მანამდე კი ვარჩიეთ, შედარებით ასეთი ,,რბილი“ კანონებით ვიმოქმედოთ, რათა მოსახლეობა უფრო ხისტი კანონებისთვის თანდათანობით შევამზადოთ.
2019 წლისთვის კი ვალდებულება გვეკისრება, ევროპაში მოქმედი კანონი ჩვენთანაც სრულად ავამოქმედოთ.
კანონპროექტში არის ასევე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, არა აქვს მნიშვნელობა, რაზე მოგაწერინებს ხელს მწარმოებელი თუ მარაზიის კონსულტანტი, საუბარია საგარანტიო ფურცელზე, რომელშიც მითითებულია გარკვეული ვადები, 5 დღე, 3 თვე ან ნახვარი წელი. მომხმარებელს 2 წლის განმავლობაში უფლება უნდა ჰქონდეს, დააბრუნოს ან გამოცვალოს შეძენილი პროდუქცია. თუ მოკლევადიან პროდუქტზეა საუბარი ანუ საკვებ პროდუქტებზე, რა თქმა უნდა, მოკლე ვადებში, თუ გრძელვადიანია, შესაბამისი ვადების ფარგლებში.
- რაც შეეხება მოდავე მხარეებს, ომბუდსმენის გარდა ვინ უნდა ამტკიცოს მომხმარებლის უდანაშაულობა?
- ევროპაში კანონის მიხედვით, მომხმარებელს, 6 თვის განმავლობაში, უფლება აქვს შეძენილი პროდუქტი ყოველგვარი დავის გარეშე დააბრუნოს უკან. 6 თვის შემდეგ, უკვე ორივე მხარეს, სასამართლოს გზით, თანაბრად შეუძლია იბრძოლოს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. სწორედ ასეთი წესი შემოგვაქვს ჩვენც და უფლებადამცველი, რა თქმა უნდა, მომხმარებლის მხარეს იქნება.
- რაც შეეხება პროდუქციის უვნებლობის საკითხს, რას ითვალისწინებს და ბაზარი როგორ უნდა გაკონტროლდეს?
- პროდუქციის უვნებლობის საკითხიც იყოფა ორ მიმართულებად, ესაა არასასურსათო და სურსათის პროდუქტები.
სურსათზე მიღებული გვაქვს სურსათის უვნებლობის კოდექსი და არაასურსათო პროდუქციაზე - პროდუქციის უსაფრთხოების კოდექსი.
პროდუქციის უსაფრთხოების კოდექსის მიხედვით, ესც ორ ნაწილად, მეტ და ნაკლებ საფრთხის შემცველ პროდუქციად იყოფა. ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, მეტად საფრთხის შემცველ პროდუქციაში შედის ლიფტები, შახტები, გაზის ბალონები და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტები. არსებობს მთელი რიგი ჩამონათვალი, რომელზეც გარკვეული რეგულაციები და უფრო მკაცრი მოთხოვნებია მიღებული.
არის პროდუქცია, რომელზეც მხოლოდ ზოგადი მოთხოვნებია დადგენილი და როგორც წესი, ის აბსოლუტურად უსაფრთხო უნდა იყოს.
ევროკავშირის რეკომენდაციების მიხედვით, ყველაზე მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ ყოველივე ამას ბაზარზე მაკონტროლებელი უნდა ჰყავდეს ანუ უნდა არსებობდეს ბაზრის ზედამხედველი ორგანო.
ჩვენ პროდუქციის უსაფრთხოების კოდექსით გადმოტანილი გვაქვს ხუთი რეგულაცია, რაც ლიფტების, შახტების, გაზის ბალონების და საბაგიროების შემოწმებას ითვალისწინებს.
ამისთვის არსებობს სპეციალური ინსპექცია, რომელიც გაწერილი განრიგის მიხედვით არა მარტო იმ პროდუქციას ამოწმებს, რაც გაყიდვაშია ჩაშვებული, არამედ იმას, რაც უკვე დამონტაჟებულია და ექსპლუატაციაშია.
რაც შეეხება ბაზარზე არსებულ სხვა საფრთხის შემცველ პროდუქტებს, როგორებიცაა საღებავები, ლაქები, შხამ-ქიმიკატები, სათამაშოები, პარფიუმერია, კოსმეტიკა და სხვა რამ, ამის შემოწმება საქართველოში არ ხდება.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში, მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის შესახებ რეკომენდაციის თავშივე წერია, რომ ხელშეკრულების ამოქმედებისთანავე, ანუ 2014 წლის 1 სექტემბრიდან, ძალაში უნდა შესულიყო დირექტივა, რომლის მიხედვითაც ბაზარზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქცია უსაფრთხო უნდა იყოს და უნდა არსებობდეს მათზე ზედამხედველობის ორგანო.
გამოდის, ჩვენ უკვე ერთი წლის წინ უნდა გვყოლოდა ბაზარზე ზედამხედველობის სამსახური, რაც დღემდე არ არსებობს.
ამის შესახებ ჩვენმა ორგანიზაციამ პრემიერ-მინისტრს კარგა ხნის წინ მივწერეთ და სამი თვის შემდეგ მივიღეთ წერილი, სადაც, ამ საკითხის გარშემო, მხოლოდ გულისწუხილი იყო გამოთქმული.
მივწრეთ ეკონომიკის სამინისტროსაც და რეაგირება ვთხოვეთ, რაზეც ყოველ შეხსენებაზე გვითვლიან, დიახ, მალე გიპასუხებთო.
- გამოდის, ქართული მხარე ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინბულ მოთხოვნებს არღვევს.
- დიახ, ჩვენ ამ ხელშეკრულებას უხეშად ვარღვევთ და ამის შესახებ ევროდელეგაციის წევრებსაც მოვახსენეთ, მაგრამ იმათ რაღა დარჩენოდათ, მორიდებით აიწურეს მხრები და ვერაფერი თქვეს.
ამდენად, შეგვიძლია ხმამაღლა გითხრათ, რომ მიუხედავად ევროკავშირის მკაცრი მოტხოვნისა, დღეს მომხმარებელთა უფლებების დამრღვევი ორგანიზაციების დასჯის და პასუხისგების რეალური მექანიზმები არ გაგვაჩნია.
ეტყობა, გამუდმებით უნდა შევახსენოთ, ვისაც ჯერ არს, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას არღვევს, რათა ეს მოთხოვნა როგორმე დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება, მომხმარებლის უფლებების შესახებ ახალ კანონპროექტს, იმედია, პარლამენტი მის მიღებას არ გადადებს და მეტ-ნაკლებად სრულყოფილი კანონი სამი წლის თავზე მაინც გვექნება.
”პრაიმნიუსჯორჯია”, ესაუბრა ირმა ბერიშვილი
პოლიტიკა
- პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება
- ევროპელი პარტნიორები მეუბნებოდნენ მაგალითად, უკრაინაში ვიცოდით, ვისთან უნდა გვესაუბრა, ესენი იყვნენ იყო იუჩენკო და ტიმოშენკო, თქვენს შემთხვევაში, ვის ვესაუბრებით, ვინ წარმოადგენს ოპოზიციას - თინა ბოკუჩავა
- გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო, სასამართლომ დავით კირთაძე დააჯარიმა
- საქართველოში, ახალგაზრდები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა
მსოფლიო
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს