კახეთში ყურძენი 15 ათასამდე მევენახემ ჩააბარა

საქართველო, თბილისი - 13:16 | 28.09.2016
ნანახია: 1530

რთველის 2016-ის ფარგლებში ღვინის კომპანიებს ყურძენი 15 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთაც შემოსავლების სახით 77,6 მლნ ლარი მიიღეს.

რთველის პროცესი კახეთის რეგიონში აქტიურად და ორგანიზებულად გრძელდება. 28 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, გადამუშავებულია  89 ათასი ტონა ყურძენი. აქედან 50,6 ათასი ტონა რქაწითელი, 33,6 ათასი ტონა საფერავი,  2,5 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 30 ათასი ტონა, თელავი - 22,5ათასი ტონა, ყვარელი - 20,5  ათასი ტონა, სიღნაღი - 6,8 ათასი ტონა, ლაგოდეხი -  2,7 ათასი ტონა, ახმეტა -  2,5 ათასი  ტონა, საგარეჯო  -  2,4 ათასი ტონა და  დედოფლისწყარო - 1,8 ათასი ტონა.

კვლავ სრული დატვირთვით მუშაობენ ღვინის საწარმოები - 27 სექტემბერს ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 5 425 ტონა შეადგინა.   

28 სექტემბერს ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 54 ღვინის კომპანია, მათ შორის, 9 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა.

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა:

კახეთის  რეგიონში რქაწითელზე და  კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე  - 0,45 ლარი;

საფერავზე -  1 კგ-ზე - 0,20 ლარი;

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე -  1 კგ-ზე - 2 ლარი.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე