ქართველ მოცურავეს, ჰენრი კუპრაშვილს 70 უსრულდება

საქართველო, თბილისი - 12:23 | 12.09.2016
ნანახია: 2559

ქართველ მოცურავეს, ჰენრი კუპრაშვილს 13 სექტემბერს 70 უსრულდება. სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი“ უერთდება მილოცვას და ბატონ ჰენრი კუპრაშვილს უსურვებს ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.  

ჰენრი კუპრაშვილის მეოხებით, საქართველო მსოფლიო ცურვის ისტორიაში შევიდა უნიკალური სიახლით:

  1. მან დაუდო სათავე მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის სრულიად ახალ წესს;
  2. მან მსოფლიოში პირველმა ცურვის ქართული სამხედრო–საწვრთნელი ყაიდით, ოთხგან ხელფეხშეკრული „მხედრული კოლხურით“ გადაცურა ევროპისა და აზიის კონტინენტების შემაერთებელი დარდანელის სრუტე, 12 კილომეტრი 3 საათსა და 15 წუთში.
  3. მან მსოფლიოს გააცნო ცურვის უნიკალური კოლხური სტილი (თავისუფალი კოლხური და მხედრული კოლხური).

კაცობრიობის ისტორიაში ანალოგის არ მქონე გაცურვების გამო მსოფლიო მასმედიამ (ტ/კომპანია „სი-ენ-ენ“-ი – 17.02.01, 05.11.02, როიტერსი, სკაი ნიუსი, ბი–ბი–სი და სხვ.) ჰენრი კუპრაშვილს შეარქვა: „ადამიანი­­­ დელფინი“, „წყლის პრომეთე“, „სრუტეთა მბრძანებელი“, „დარდანელის გმირი“, „ადამიანი ლეგენდა“ და სხვ.

მსოფლიო რეკორდსმენი და მსოფლიო ჩემპიონი ჰენრი კუპრაშვილი, როგორც მოცურავე, ბიატლისტი, ტრიატლისტი არამარტო სპორტთანაა დაკავშირებული, არამედ, ამავე დროს, იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრო­­ფესორი; პო­ლი­ტი­კის მეცნიერებათა დოქტორი; გადამდგარი პირველი კლასის სა­ხე­­­ლმწიფო მრჩეველი; ვიცე-პოლკო­ვნი­კი; 1973 წელს დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირის დამაარსებელი და თავმჯდომარე. იგი ავტორია 98 სამეცნიერო შრომისა და 2 გამოგონების, მას გამოქვეყნებული აქვს 400-მდე პუბლიცისტური სტატია. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე გაკეთებული აქვს 51 მოხსენება.

ჰენრი კუპრაშვილი დაჯილდოებულია:

  • ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების ოქროს მედლით;
  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით;
  • „მხედრული მამაცობისათვის“ სახელმწიფო მედლით;
  • „სამაგალითო სამსახურისათვის“ უკრაინის შინაგანი ჯარების პირველი ხარისხის მედლით;
  • ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის თავისუფლების მსოფ­ლიო მედლით;
  • იყო წლის ადამიანი: 2002 (გაზეთი "ახალი ეპოქა"), 2006 და 2007 (ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტი).

 70 წლის ჰენრი კუპრაშვილი მიღწეულით არ კმაყოფილდება და კვლავ აპირებს ახალი სპორტული სიმაღლეების დაპყრობას: წელს ოქტომბერში პირველი ადგილის დაკავებას ასკობრივ ჯგუფში „თბილისიმარათონის“ 21 კილომეტრიან დისტანციაზე; 2017 წელს მსოფლიო რბენაში პირადი რეკორდის გაუმჯობესებას; ამავე წელს, მონაწილეობას მიიღებს ბიატლისა და ტრიატლის მსოფლიო ჩემპიონატში და გეგმავს მსოფლიო ჩემპიონობას და ორი ოქროს მედლის წამოღებას თურქეთიდან; 2018 წელს კი მონაწილეობას მიიღებს  ზამთრის ცურვის (ყინულჭრილში) მე–11 მსოფლიო ჩემპიონატში (ესტონეთი), სადაც იმედი აქვს გააუმჯობესოს ფინეთის მსოფლიო ჩემპიონატზე მის მიერ დაკავებული მე–8 ადგილი  და ამჯერად, საპრიზო ადგილზე გავიდეს; 2019 წელს მონაწილეობა მიღებს ბოსფორის სრუტის თავისუფალი სტილით საკონტინენტთაშორისო გადაცურვაში, აზიიდან ევროპაში და აქაც აპირებს 2013 წელს მიღწეული შედეგის გაუმჯობესებას და სხვ.

ჰენრი კუპრაშვილმა, როგორც მასმედიაში აღინიშნა:

  • არის პირველი ქართველი საერთაშორისო მარათონელი მოცურავე;
  • შექმნა ქართული ცურვის სკოლა;
  • საფუძველი ჩაუყარა ცურვის ეროვნული სახეობების (კოლხური სტილით) შესწავლის საქმეს.
  • დაწერა ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო.
  • შექმნა სპორტული ტანვარჯიშის კოლხურ–იბერიული კომპლექსი.

ჰენრი კუპრაშვილის, როგორც მოცურავის, ბიატლისტის, ტრიატლისტის და ცურვის მწვრთნელის საერთაშორისო მიღწევები:

მოცურავე:

  1. მსოფლიო მასმედიის მიერ მისთვის შერქმეული მეტსახელები: ადამიანი დელფინი (ტ/კომპანია სი-ენ-ენი 17.02.01, 05.11.02), სრუტეთა მბრძანებელი, დარდანელის გმირი, წყლის პრომეთე და სხვ., მიიღო მას შემდეგ, რაც:
  • კაცობრიობის ისტორიაში პირველმა, „მხედრული კოლხურით“ (ოთხგან ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში ცურვის ქართული სამხედრო-საწვრთნელი სტილი) 2001 წლის 28 იანვარს „ლაგუნა ვერეს“ აუზში გაცურა 2 ათასი მეტრი;
  • ხოლო 2002 წლის 30 აგვისტოს ასევე „მხედრული კოლხურით“ გადაცურა დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში - 12 კმ.
  1. ჰენრი კუპრაშვილმა 2013 წლის 7 ივლისს მონაწილეობა მიიღო ბოსფორის სრუტის თავისუფალი სტილით საკონტინენტთაშორისო გადაცურვაში, აზიიდან ევროპაში (დრო 01:03:14).
  2. ჰენრი კუპრაშვილმა ზამთრის ცურვის (ყინულჭრილში) მე–9 მსოფლიო ჩემპიონატზე (2014 წლის 19–23 მარტი, ფინეთი) კროლით ცურვაში 25 მეტრიან დისტანციაზე მე–12, ხოლო 50 მეტრიან დისტანციაზე მე–8 ადგილი დაიკავა.

ბიატლისტი და ტრიატლისტი (თანამედროვე ხუთჭიდის სახეობები) – გუნდურში კატეგორია Master C:

ბიატლი (სირბილი–ცურვა–სირბილი): მსოფლიო ჩემპიონატი (21.09.2015) –  ოქროს მედალი.

ტრიატლი (4 სერია სროლა– ცურვა–სირბილი): მსოფლიო ჩემპიონატი (20.09.2015) –  ოქროს მედალი.

მარათონელი მორბენალი, ირბინა:

21 კილომეტრი – ექსტრემალური „ყაზბეგიმარათონი“ (2016 წლის 4 სექტემბერი).

21.0975 კილომეტრი – „თბილისიმარათონი“ (2014 წლის 25 ოქტომბერი).

10 კილომეტრი, მესამე ადგილი  – „თბილისიმარათონი“ (2015 წლის 25 ოქტომბერი).

12 კილომეტრი – Wings for Life World Run (2014 წლის 4 მაისი).

9 კილომეტრი – Wings for Life World Run (2015 წლის 3 მაისი).

მწვრთნელი:

მან:

  • 2004 წელს ლაგუნა ვერეზე შექმნა ქართული ცურვის (კოლხურ–იბერიული სტილი) შემწავლე-ლი მსოფლიოში პირველი ჯგუფი და ცურვა შეასწავლა დემირელი კოლეჯის 11 მოსწავლეს.
  • ლაგუნა ვერეზე ქართულ ცურვაში მოამზადა (დიმიტრი დიკთან ერთად) ნინო ბასილაია (11 წლის), ანი სიჭინავა (11), ირაკლი შენგელია (12), თემურ კობახიძე (12), ნასტია გრივაჩი (13), დათო ბარდაველიძე (14) და თიკა ბაკურაძე (15), რომლებმაც 2006 და 2007 წლებში მსოფლიოში პირველებმა „მხედრული კოლხურით“ ჯგუფურად გადაცურეს თბილისის ზღვა.

მისმა აღზრდილებმა:

  • ჯიმიკო ბროძელმა (11 წ.) „მხედრული კოლხურით“ (ცურვის სამხედრო-საწვრთნელი სტილი) გადაცურა თბილისის ზღვა (03.08.2008);
  • ნიკა თვაურმა (ორივე თვალით უსინათლო და მარჯვენა ხელის მტევანი ამპუტირებული) მსოფლიო ჩემპიონატზე (თურქეთი, 04.04.2011) ბრასით სტილით ცურვაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი (SB11 კატეგორია);
  • ანა ლომინაძემ (17 წ.) ასევე „მხედრული. კოლხურით“ გადაცურა დარდანელის სრუტე (30.08.2012).

სხვა ბიოგრაფიული ცნობები:

1968 წელს ჯარიდან ჩამოსულმა ჰენრი კუპრაშვილმა საინჟინრო გრაფიკის კათედრაზე, ყველაზე დაბალი თანამდებობიდან დაიწყო მისი „გეპეური“ ბიოგრაფია - პრეპარატორი, ლაბორანტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი, პროფკავშირის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სრული პროფესორი.

ჰენრი კუპრაშვილი დაიბადა 1946 წლის 13 სექტემბერს. დაამთავრა თბილისის გ. ტაბიძის სახ. 51-ე საშ. სკოლა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, სპი-ს საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია თემაზე «საქართველოს გეოპოლიტიკური სტატუსი და პრიორიტეტები საგარეო პოლიტიკაში» და სადოქტორო დისერტაცია თემაზე «საინფორმაციო პოლიტიკა პოლიტიკური მოდერნიზაციის პროცესში». მიღებული აქვს სერთიფიკატები: ქ. კაიროს უმაღლესი მმართველობის კვალიფიკაციის ამაღლების კურსები; ჯორჯ მარშალის სახელობის უშიშროებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა შემსწავლელი ცენტრის კოლეჯის უმაღლესი სახელისუფლო კურსი; საქართველოს ეკონომიკური უშიშროების პოლიტიკის ფორმირების შესახებ (უშიშროების მოდელირების სინთეზური გარემო) აშშ-ს ევროპის შტაბისა და თავდაცვის ანალიზის ინსტიტუტის მე-2 სიმპოზიუმი «საქართველო – დიალოგი 2000».

მას სხვადასხვა დროს ეკავა თანამდებობები: საქართველოს სახალხო ფრონტში - სააღრიცხვო გან-ყო¬ფილების ხელმძღვანელი; საქართველოს მინისტრთა კაბინეტში - ცხინვალის რეგიონის პრობლემათა სპეციალური სამთავრობო კომისიის პასუხისმგებელი მდივანი; საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატში - მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, სახელმწიფოს მეთაურის დავალებების კონტროლისა და ცენტრალურ მმართველობით ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში - უშიშროების მიმდინარე მდგომარეობის მონიტორინგის, ანალიზისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი; სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოში -  სიტუაციური ცენტრის კოორდინაციის განყოფილების უფროსი და სხვ.

ჰენრი კუპრაშვილს 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით (# 1299) მიენიჭა პირველი კლასის სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი.

ჰენრი კუპრაშვილი 1996-2001 წლებში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის) წევრი სახელმწიფოების ინფორმატიზაციის საკორდინაციო საბჭოში.

იყო კოორდინატორი საქართველოს მხრიდან - საერთაშორისო სემინარის «რეფორმების კოორდინირება საჯარო სექტორში: საქმიანობის გაუმჯობესება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა». 1997 წლის 9-10 ოქტომბერი. ორგანიზატორები მსოფლიო ბანკი და საქართველოს მთავრობა (მიღებული აქვს მადლობის წერილი მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის ოფისიდან).

მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში შეიქმნა სტრატეგიული ანალიზისა და მოდელირების ინფორმაციული უზრუნველყოფის ავტომატიზებული სისტემა «დიდგორი»; პოლიტიკური პროცესების პოლიტომეტრიკული მეთოდით ანალიზის პროგრამა «აისი» და სხვ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე