ფინანსთა მინისტრი გარემოსდაცვითი მინისტერიალის გახსნას დაესწრო

საქართველო, თბილისი - 12:23 | 08.06.2016
ნანახია: 1286

დღეს, ბათუმში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვითი მინისტერიალი გაიხსნა, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: „მწვანე ეკონომიკის განვითარება პან-ევროპულ რეგიონში“ და „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის“.

ფორუმის მიმდინარეობისას, შედგება მაღალი დონის შეხვედრა თემაზე: „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“.

ბათუმის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველო მასპინძლობს 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალურ დელეგატს, მათ შორის არიან გარემოს დაცვისა და განათლების საკითხებზე პასუხისმგებელი სამინისტროების ხელმძღვანელები, ბიზნეს ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„გარემო ევროპისათვის" პროცესი წარმოადგენს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის წევრი ქვეყნების, გაეროს სისტემაში არსებული ორგანიზაციების, მთავრობათაშორისი ორგანიზაციების, რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და სხვა დაინტერესებული ჯგუფების თანამშრომლობის განსაკუთრებულ ფორმატს.

აღნიშნული პროცესი და მისი ეგიდით გამართული მინისტრთა კონფერენციები, 3-5 წელიწადში ერთხელ იმართება. ეს არის მაღალი დონის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეებისთვის რეგიონის 56 ქვეყნის გარემოსდაცვითი საკითხების განხილვას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრასა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას მდგრადი განვითარების მიზნით.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე