საქართველოს ავსტრიის განვითარების ბანკის დელეგაცია ეწვევა

საქართველო, თბილისი - 16:03 | 03.06.2016
ნანახია: 1220

ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში 2016 წლის 3 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ავსტრიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრთან ანდრეა ჰაგმანთან.

ავსტრიის განვითარების ბანკი 2007 წლიდან საქართველოში ახორციელებს ენერგო სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტებს, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის და მშენებლობის, ჰიდრო-რესურსების ეფექტური გამოყენების დაგეგმვისა და მცირე და საშუალო ელექტროჰესების მშენებლობაში ფინანსური მხარდაჭერის საკითხში.

ავსტრიის განვითარების ბანკი ასევე თანამშრომლობს საქართველოს საბანკო სექტორთან ენერგო სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის იაფი სესხების ხელმისაწვდომობის მიმართულებით.

შეხვედრაზე ანდრეა ჰაგმანმა მინისტრს გააცნო საქართველოსთან დაკავშრებით ავსტრიის განვითარების ბანკის სამომავლო გეგმები. გასულ წლებში უკვე განხორციელებული 50 მილიონი ინვესტიციის გარდა, ბანკის ხელმძღვანელობის სურვილია გააგრძელოს ენერგო-პროექტების დაფინანსება როგორც მცირე ჰესების მშენებლობის, ასევე სხვა ენერგო ეფექტური პროექტების განხორციელების მიმართულებით.

მინისტრმა ანდრეა ჰაგმანს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესების და მთავრობის ახალი ინიციატივების შესახებ, ასევე აღუთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარება და მხარდაჭერა საქართველოში ბიზნეს საქმიანობის პროცესში. შეხვედრის დასასრულს გადაწყდა, რომ ავსტრიის განვითარების ბანკის დელეგაცია ანდრეა ჰაგმანის ხელმძღვანელობით მ.წ. სექტემბერში საქართველოს ეწვევა.

ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ასევე მონაწილეობა მიიღო ავსტრია-საქართველოს ბიზნეს ფორუმში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ავსტრიის სავაჭრო პალატის (WKO) და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე