„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის დახმარებით თბილისში ავსტრიული საკონდიტრო პროდუქციის საწარმო გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 12:55 | 02.06.2016
ნანახია: 1287

ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შპს „ბროტმაისტერის“ საკონდიტრო საწარმო დაათვალიერა, რომელიც თბილისში, სოფელ დიღომში მდებარეობს. საწარმო სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა და ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად, ავსტრიულ პურ-ფუნთუშეულსა და საკონდიტრო პროდუქციას აწარმოებს. დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად საკონდიტრო საწარმოში მინისტრის  მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და  მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ანა კვარაცხელია იმყოფებოდნენ.

 

შპს „ბროტმაისტერის“ ახალი საწარმოს შექმნისთვის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 240 000 აშშ დოლარს შეადგენს, დასაქმებულთა რიცხვი კი  35 ადამიანს უტოლდება. ახალი ობიექტების გახსნის შედეგად კიდევ 20 ადამიანის დასაქმება იგეგმება.

 

„ეს არის უახლესი ტექნოლოგიებით, ძალიან კარგად აღჭურვილი კომპანია, სადაც 240 ათასი დოლარის ინვესტიციებია განხორციელებული  „აწარმოე საქართველოში“  პროგრამის  თანადაფინანსებით. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა,  როდესაც ცოდნა და სახელმწიფოს ხელშეწყობა ერთად ქმნის სამუშაო ადგილებს. კომპანია ძალიან წარმატებულია,  აქვს გაფართოების გეგმები, რის შედეგადაც ჩვენ ვნახავთ არაერთ პატარა ფილიალს, კაფეების სახით, უკვე ქალაქის მასშტაბით, სადაც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მწარმოებელს, ყველა ადამიანს,  ვისაც კარგი იდეა გააჩნია, ისარგებლონ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით იმისათვის, რომ მათ მაქსიმალური სარგებელი მიიღონ სახელმწიფოსგან“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

კომპანიის დირექტორის, დავით შანიძის განცხადებით, საწარმოში წარმოებული პროდუქციის სარეალიზაციოდ, საწყის ეტაპზე, დაგეგმილია თანამედროვე კაფეტერიის გახსნა, ასევე გაიხსნება სპეციალიზირებული საკონდიტრო ნაწარმისა და პურ-ფუნთუშეულის მაღაზიაც. ქსელის შესაქმნელად თბილისის სხვადასხვა უბანში 7-8 ფილიალის ამოქმედება იგეგმება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე