EIB-მა ბანკ რესპუბლიკას 22.5 მლნ ევროს საკრედიტო ხაზი გამოუყო

საქართველო, თბილისი - 14:34 | 27.05.2016
ნანახია: 1372

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ბანკ რესპუბლიკას მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასაფინანსებლად, 22.5 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზი გამოუყო, რაც წარმოადგენს ჯამში 45 მილიონი ევროს ოდენობის დამტკიცებული სესხის პირველ ტრანშს.

„საქართველოს ეკონომიკური ზრდის, დასაქმებისა და პოლიტიკური სტაბილურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მძლავრ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა სექტორს. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ შეღავათიანი პირობებით გამოყოფილი საკრედიტო ხაზი უზრუნველყოფს იმ კომპანიების უკეთეს წვდომას ფინანსებზე, რომლებიც სირთულეებს აწყდებიან თავიანთი საქმიანობის დაფინანსებაში.“ - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების საკრედიტო ოპერაციების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა ლასლო ბარანიაიმ.

ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხით დაფინანსდება საქართველოში ვაჭრობის და კომერციის სფეროში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები; მათ  უფრო ფართო წვდომა ექნებათ დაფინანსებაზე და უკეთ დაიკმაყოფილებენ საინვესტიციო და საბრუნავი კაპიტალის საჭიროებებს. ეს კი საბოლოოდ ხელს შეუწყობს საქართველოს კერძო სექტორის გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო ხაზი.  აღნიშნული პროექტის მიზნები სრულ ჰარმონიაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებასთან, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

საკრედიტო ხაზი ასევე ხელს შეუწყობს ევროპის საინვესტიციო ბანკსა და ბანკ რესპუბლიკას შორის  წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას. 2010 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკმა ბანკ რესპუბლიკას 35 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტი გამოუყო. 

მიმდინარე ხელშეკრულების შედეგად მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სექტორის დაფინანსების მოცულობა 172 მილიონი ევრომდე გაიზრდება. ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო ოპერაციების მთლიანი მოცულობა კი 820 მილიონ ევროს მიაღწევს. მათ შორისაა ურბანული რეკონსტრუქციის მხარდაჭერის (გასულ წელს წყალდიდობის მიერ მიყენებული ზარალის შემდეგ) და ქვეყნის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტები. მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა სექტორის მხარდაჭერასთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკს საქართველოში დაფინანსებული აქვს პროექტები ტრანსპორტის, წყლის და ენერგეტიკის სექტორებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე