Stadler-ის ორსართულიანი მატარებლების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველო, თბილისი - 13:40 | 25.05.2016
ნანახია: 1601

საქართველოში ორსართულიანი მატარებლების შემოყვანაზე ოთხშაბათს, ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს Stadler kiss -ის დამფუძნებელმა პიტერ შპულერმა და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

102 მეტრის სიგრძის და 5240 მმ სიმაღლის ორსართულიანი მატარებლები სრულად შეესაბამება „საქართველოს რკინიგზის“ მოთხოვნებს. მატარებელს ერთდროულად 400 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

ტექნიკური პარამეტრების გერმანული Deutsche Bahn-ის ექსპერტებთან ერთად ქართველებმაც იმუშავეს. 

პირველი მატარებლის მიღებას „საქართველოს რკინიგზა“ 17 ივლისს ელის.

ევროპული სტანდარტის, თანამედროვე მოწყობილობით,  ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით  აღჭურვილი მატარებლები პირველია ქართულ რეალობაში, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე.

„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით,  ყველა ორსართულიანი  მატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით იმოძრავებს შეჩერების გარეშე და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში გაჩერდება, ესენია: ბათუმი, ქობულეთი და ურეკი.

სულ 4 მატარებლის შესყიდვაა დაგეგმილი,  ჯამური ბიუჯეტით 39,8 მილიონი ევრო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე