თხილის დარგის განვითარების ფორუმს დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება

საქართველო, თბილისი - 13:40 | 18.05.2016
ნანახია: 1321

საქართველოს თხილის დარგის განვითარების ფორუმს ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.

ფორუმი 19 მაისს, 11:00 საათზე, თბილისი ”ქორთიარდ მერიოტში”  გაიმართება, რომელიცევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ოქსფამ”-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდება.
ფორუმის  მიზანია სახელმწიფო სტრუქტურების და ამ სფეროში დასაქმებული კერძო საწარმოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანება თხილის წარმოების სფეროს სრულფასოვან დარგად ჩამოყალიბებისათვის, ასევე წარმოების ზრდისა და მაღალხარისხიანი პროდუქციის ხელშეწყობა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და დაცვის  უზრუნველყოფით.    

აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი, პარლამენტის წევრები, სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები; ასევე ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ENPARD-ის განმახორციელებელი კონსორციუმებისა და ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები; თხილის დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები და მეცნიერები, თხილის გადამამუშავებელი ადგილობრივი და უცხოური საწარმოების, ექსპორტიორი ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
როგორც ცნობილია, საქართველოსთვის თხილი უმსხვილესი და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი საექსპორტო დარგია. მაღალხარისხიანი პროდუქციის შექმნის ხელშეწყობა და ეფექტური საწარმოო პრაქტიკის დანერგვა გააძლიერებს ქვეყნის პოტენციალს დაიკავოს მოწინავე ადგილი თხილის მწარმოებელ და ექსპორტიორ უმსხვილეს ქვეყნებს შორის.
 ფორუმი წარმოადგენს საკოორდინაციო პლატფორმას საქართველოში თხილის დარგისა და ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის, რის ფარგლებშიც დაგეგმილია საზოგადებასა და მთავრობას შორის აღნიშნული დარგის განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკის ერთობლივად გამომუშავება და მისი კოორდინირებულად და გამჭვირვალედ განხორციელების უზრუნველყოფა.
ფორუმის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მთავრობის  გეგმებსა და პროგრამებს ამ დარგთან მიმართებაში და აგრეთვე  გააჟღერონ თხილის წარმოებასთან დაკავშირებული ხედვები და პრობლემური საკითხები, რაც ხელს შეუწყობს დარგის განვითარების პროცესში საზოგადოების აქტიურ ჩართულობას და ერთობლივი სამოქმედო გზების შემუშავებას.
               

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე