ტელეარხი ПЯТНИЦА აჭარული სამზარეულოს შესახებ გადაცემას ამზადებს

საქართველო, თბილისი - 15:47 | 13.05.2016
ნანახია: 1357

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარული სამზარეულოს შესახებ რუსეთში პოპულარული გადაცემის „Еда, я люблю тебя“ გადამღები ჯგუფი 30 წუთიან გადაცემას ამზადებს. 
გადაცემის ცნობილი წამყვანები ჯგუფთან ერთად რეგიონს სტუმრობენ. მათ ობიექტივში  როგორც ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში არსებულ რესტორნებში, ასევე ოჯახში დამზადებული ადგილობრივი კერძები - ბორანო, მალახტო, სინორი, ჩირბული, დედლური, იახნი და ფხალი მოხვდა. გადაცემის მაყურებელი ადგილობრივი კერძების გარდა, აჭარის შესახებ მომზადებული გადაცემიდან ასევე შეიტყობს უცხოური სამზარეულოს რა დელიკატესებისა და კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი ბათუმში. გადაცემა ტელეარხი „ПЯТНИЦА“-ს ეთერში ივლისში გავა,  გადამღები ჯგუფი აჭარას კი დღეს დატოვებს.
„Еда, я люблю тебя“ ტელეარხ „ПЯТНИЦА» -ს ეთერით ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გადაიცემა და მას მილიონობით მაყურებელი ჰყავს. გადაცემის წამყვანები მსოფლიო მასშტაბით მოგზაურობენ, ახალ კერძებს აგემოვნებენ და თავინთი შოუს მეშვეობით მაყურებელს ერთგვარ კულინარიულ გზამკვლევს სთავაზობენ. ივლისში, გადაცემის მრავალრიცხოვანი მაყურებლის ყურადღებას უკვე აჭარა და მისი მრავალფეროვანი სამზარეულო მიიპყრობს. გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რუსეთში ორგანიზებული პიარ და მარკეტინგული კამპანიების ფარგლებში სტუმრობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე