თიბისი ბანკმა კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის - ხელი შევუწყოთ ქალების განათლებას და პროფესიულ განვითარებას“ გაიმარჯვა

საქართველო, თბილისი - 11:41 | 06.05.2016
ნანახია: 1405

თიბისი ბანკმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსში გაიმარჯვა სახელწოდებით -„ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის - ხელი შევუწყოთ ქალების განათლებას და პროფესიულ განვითარებას“.

კონკურსში საქართველოში მოქმედი 29 კომპანია მონაწილეობდა და მის მიზანს ისეთი ორგანიზაციების გამოვლენა წარმოადგენდა, რომლებიც ქალთა პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ორგანიზაციულ კულტურას ამკვიდრებენ.

„ჩვენ ვეძებდით კომპანიებს, რომლებიც ხელს უწყობენ ქალების პროფესიულ განვითარებას, ქალების მიერ არატრადიციული დარგების პროფესიად არჩევას, აგრეთვე, თანაბრად უზრუნველყოფენ თანამშრომლებს სხვადასხვა ტრენინგებით, ეხმარებიან პროფესიული კონტაქტების დამყარებაში“ - განაცხადა ქეთევან მამინაიშვილმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს გენდერული და სოციალური ჩართულობის დირექტორმა.

„ მთელს მსოფლიოში არის ტენდენცია, რომ გააქტიურდეს ქალების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იგივე ტენდენციაა საქართველოშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობა. რაც შეეხება თიბისი ბანკს, აქ ბუნებრივად არის გენდერული თანასწორობა. 14 წელია ამ ორგანიზაციის წევრი ვარ და არასოდეს მიგრძვნია ბიზნესში არათანაბარი დამოკიდებულება. ჩვენთან პირველ რიგში ფასდება კვალიფიკაცია, მონდომება და შემდეგ სხვა დანარჩენი.“-განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ,  ნინო მასურაშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

გამარჯვებულად  თიბისი ბანკის გარდა კიდევ სამი კომპანია დასახელდა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მოცანაა, საგანმანათლებლო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს ქალებს, მიიღონ განათლება და სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეკონომიკური სფეროს ყველა სექტორში და მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობების სრულყოფილი რეალიზება.      

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე