საქართველოში უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირებისა და მონიტორინგის საკითხებზე კონფერენცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:43 | 05.05.2016
ნანახია: 1277

საქართველოს საჰაერო სივრცეში უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირებისა და მათი მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით, 6 მაისს, სასტუმრო „ჰუალინგში“ კონფერენცია "უპილოტო საჰაერო ხომალდების მონიტორინგი და უსაფრთხო ოპერირება საქართველოს საჰაერო სივრცეში" გაიმართება, რომლის ინიციატორიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოა.

ხოლო 7 მაისს, 13:00 საათიდან, აეროდრომ „ნატახტარზე“ მოეწყობა უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები. ორ დღიანი ღონისძიების მიზანია, უპილოტო საჰაერო ხომალდების/სისტემების რეგულირებისა და მონიტორინგის აუცილებლობის, ასევე მათი პოტენციალის გამოყენების თაობაზე ცნობიერების ამაღლება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწვევით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს დრონების მონიტორინგის სისტემის მწარმოებელი წამყვანი პოლონური კომპანია „Dron House Group”, რომელიც მონაწილეებს გააცნობს საკუთარ მიღწევებს და გაუზიარებს ამ მიმართულებით არსებულ ევროპულ გამოცდილებას. შეხვედრაზე აგრეთვე იგეგმება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, სახელმწიფო უწყებების და ამ სფეროში მოღვაწე კერძო ჯგუფების პრეზენტაციები ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების ირგვლივ.

7 მაისს, აეროდრომ „ნატახტარზე“ ორგანიზებული ღია საჩვენებელი ფრენების ფარგლებში (დასწრება თავისუფალია), კომპანია „Dron House Group” ადგილზე მოაწყობს უპილოტო საჰაერო ხომალდების მონიტორინგის სისტემის პრეზენტაციას. სადემონსტრაციო ფრენებში შემდეგი მოდელის დრონები იქნებიან ჩართულნი: DJI INSPIRE I; DJI Phantom III; Trimble UX 5; Bielik.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე