2016 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 6.3%-ითაა გაზრდილი

საქართველო, თბილისი - 11:36 | 05.05.2016
ნანახია: 1368

2016 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გაზრდილია (6.3%-ით) წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით და 2,210 მლნ. ლარს შეადგენს.

როგორც PMCG-ის კვლევაშია განმარტებული, აღნიშნულ პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა არ შეცვლილა და 92.7%-ს - გადასახადებიდან, 1.3%-ს - გრანტებიდან, ხოლო 6.1%-ს სხვა შემოსავლებიდან (მოიცავს პროცენტებს, დივიდენდებს, რენტას, საქონლისა და მომსახურების რეალიზაციას, სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლებს) მიღებული შემოსავალი შეადგენს. აქედან, გაზრდილია გადასახადების (8.4%) და სხვა შემოსავლების (1.9%) კომპონენტი, ხოლო გრანტები შემცირებული (-52.2%).

2016 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგადასახადო შემოსავლების ზრდა აღინიშნება სამივე თვეში. მათ შორის, იანვარში - 1.8%-ით, თებერვალში - 17.7%-ით და მარტში - 15.8%-ით.

ამ პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადების შესრულების მაჩვენებელი წლიურ გეგმასთან შედარებით 25.7%-ს უტოლდება.

„2016 წლის პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების ყველაზე დიდ წყაროს (35.5%) დამატებითი ღირებულების გადასახადი წარმოადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 14.2%-ით არის შემცირებული 2015 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით და 728.1 მლნ. ლარს შეადგენს.

წლიურ გეგმასთან შედარებით, დღგ-დან შემოსავლების შესრულების მაჩვენებელმა 19.2%-ია”, აცხადებენ PMCG-ში.

 2016 წლის იანვარ-მარტში, საგადასახადო შემოსავლების 20.2% საშემოსავლო გადასახადიდან მიღებულ შემოსავალზე მოდის. აღნიშნული მაჩვენებელი ჩამოუვარდება (-10.3%) წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და 412.8 მლნ. ლარს შეადგენს. შემცირება ძირითადად განპირობებულია იანვრის თვეში დაფიქსირებული მკვეთრი კლებით (-81.2%).

„წლიურ გეგმასთან შედარებით, საშემოსავლო გადასახადიდან შემოსავლების შესრულების მაჩვენებელი 19.8%-ს უტოლდება.

2016 წლის პირველ კვარტალში, აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი საგადასახადო შემოსავლების 11.1%-ს უტოლდება. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აქციზიდან შემოსავლების მოცულობა 28.2%-ით გაიზარდა და 226.7 მლნ. ლარი შეადგინა. ზრდა ფიქსირდება სამივე თვეში (იანვარში - 25.3%, თებერვალში - 12.9%, მარტში - 44.1%).
წლიურ გეგმასთან შედარებით, აქციზიდან შემოსავლების შესრულების მაჩვენებელი 22.4%-ს უტოლდება.

2016 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, საგადასახადო შემოსავლების ყველაზე მცირე წყაროს, 1.2%-ს, იმპორტის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი წარმოადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 34.3%-ით არის გაზრდილი 2015 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით და 23.9 მლნ. ლარს შეადგენს.

წლიურ გეგმასთან შედარებით, იმპორტის გადასახადიდან შემოსავლების შესრულების მაჩვენებელი 31.9%-ია”, აღნიშნულია PMCG-ის კვლევაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე