საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

საქართველო, თბილისი - 13:43 | 04.05.2016
ნანახია: 1367

4-6 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკი, EBRD-ს მხარდაჭერით საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. შეხვედრის მთავარი თემა მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციისა და ინსტრუმენტების განვითარებაა. ღონისძიებაში საქართველოს ეროვნული ბანკთან ერთად მონაწილეობენ სომხეთის, ყირგიზეთისა და მონღოლეთის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.

ფორუმზე, რომლის მთავარი მიზანი მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის გაუმჯობესებაა, მონაწილეებმა საქართველოს ეროვნული ბანკის მაგალითზე განიხილეს თუ როგორ შეუძლია ინფლაციის თარგეთირების მქონე ცენტრალურ ბანკს, პატარა ღია ეკონომიკაში გაუმკლავდეს საგარეო შოკებს. ისაუბრეს მონეტარული პოლიტიკის ფორმულირებისა და კომუნიკაციის პოლიტიკაზე. მონღოლეთისა და ყირგიზეთის ცენტრალური ბანკების მაგალითებზე კი განიხილეს თუ როგორ უნდა მოხდეს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის გაუმჯობესება.

„საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მისი ძირითადი ამოცანების, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობისათვის მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფლაციის სწორი მოლოდინები, რაც დაეხმარებათ მათ გრძელვადიან ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში. ჩვენი მიზანია კომუნიკაციის არსებული არხების განვითარება და ახალი გზების დანერგვა. დღევანდელი შეხვედრა, რომელსაც მაღალი რანგის სპეციალისტები უძღვებიან სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდეტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეები დაესწრნენ ანალიტიკოსებთან შეხვედრას, რომელსაც ეროვნული ბანკი რეგულარულად ატარებს და სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა, მაისის თვის ინფლაციის მიმოხილვასთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინეს.

ფორუმის ორგანიზატორები საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად არიან საკონსულტაციო კომპანია OGResearch და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD).
 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე