„ბლექს სი რივერა“ სოფელ განმუხურში მინიმუმ 120 ნომრიან სასტუმროს ააშენებს

საქართველო, თბილისი - 13:05 | 22.04.2016
ნანახია: 1241

 

კომპანია „ბლექს სი რივერა“ სოფელ განმუხურში მინიმუმ 120 ნომრიან სასტუმროს ააშენებს. სასტუმროს მშენებლობის, ტექნიკური დეტალები კომპანია „ბლექს სი რივერას“ წარმომადგენლებმა დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.

სასტუმროს მშენებელ კომპანიასთან გამართულ შეხვედრაზე ტექნიკური დეტალების და ასევე ადგილზე  არსებული წყალმომარაგების, ელექტრო ენერგიის და გაზის კომუნიკაციების რესურსის განხილვა მოხდა.

რის შემდეგაც „ბლექს სი რივერას“  წარმომადგენლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას სასტუმროს პროექტი გააცნეს. ახალი სასტუმროს და მიმდებარე ინფრასტრუქტურის პროექტის პრეზენტაციას მშენებელი კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ პირობებიან ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა. რომლის საწყისი საბაზრო ღირებულება 2 263 500 ლარად იყო განსაზღვრული. აუქციონი მიმდინარე წლის 30 მარტს ჩატარდა.

საინვესტიციო პროექტის მიხედვით ,,ბლექს სი რივერა“ სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე  ღია და დახურულ საცურაო აუზებს, სპორტულ მოედნებს და ჩოგბურთის კორტებს მოაწყობს. ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ასევე უზრუნველყოფილი იქნება პარკინგით და კეთილმოწყობილი, გამწვანებული ეზოთი. პროექტის განხორციელება მაქსიმუმ 60 თვის ვადაში მოხდება. მისი საინვესტიციო ღირებულება მინიმუმ ათ მილიონ ლარს შეადგენს.

ახალ სასტუმროში ადგილობრივები დასაქმდებიან, მშენებლობის დასრულებამდე კი მათი გადამზადება მოხდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე