ყაზახეთის ტურისტულ გამოფენის ფარგლებში „აჭარის დღე“ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:15 | 22.04.2016
ნანახია: 1308

ყაზახეთის ტურისტულ გამოფენაზე KITF-2016 აჭარის საზღვაო კურორტები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი ცენტრალური აზიის ყველაზე მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე 20-22 აპრილს წარადგინა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდში წარმოდგენილი აჭარის სტენდი გამოფენაზე ვიზიტორებისა და ტუროპერატორების განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა.

გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ავია კომპანიებისა და მსხვილი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან. მიმდინარე წელს აჭარის მიმართ ყაზახეთში განსაკუთრებული ინტერესია. ბათუმის მიმართულებით ზაფხულის სეზონზე ყაზახეთიდან სამი ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს, მათ შორის ავიაკომპანია Skybus  ყაზახეთის რვა ქალაქიდან, SCAT  და Southern sky.

გასულ წელს, რეგიონში ყაზახეთიდან შემოსული ტურისტების  რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 3,5 პროცენტით იყო გაზრდილი. მიმდინარე წელს, კი დეპარტამენტმა რეგიონში ყაზახი ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიური პიარ და მარკეტინგული კამპანიები დაიწყო. გარე რეკლამა - აჭარის სარეკლამო ბილბორდები და ლაითბოქსები ყაზახეთის 7 მსხვილ ქალაქში 130-მდე ადგილზეა განთავსებული. 25 აპრილს კი ასტანაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „აჭარის დღე“-ს უმასპინძლებს, სადაც მედიის, ტურ სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ქართულ ფოლკლორს, სამზარეულოსა და აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან. მაისსა და ივნისში, კი რეგიონში ყაზახი ტურ-ოპერატორების ინფო ტურებია დაგეგმილი, რომლებიც აჭარის მიმართულებით ტურისტული პაკეტების შემუშავებაზე იზრუნებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე