ბაქრაძემ ცრუ ჩვენების საფუძველზე, თავისუფლება მოიპოვა და უდანაშაულო ადამიანები პოლიტიკურ პატიმრებად აქცია - გურამ დონაძე

საქართველო, თბილისი - 11:02 | 20.12.2018
ნანახია: 844

ე.წ. კრიმინალმა ზაზა ბაქრაძემ პროკურატურასთან წინასწარ შეთანხმებული გეგმა-გარიგების თანახმად, ცრუ ჩვენების საფუძველზე, თავისუფლება მოიპოვა და სრულიად უდანაშაულო ადამიანები - ჟურნალისტი და პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები პოლიტიკურ პატიმრებად აქცია, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე აცხადებს.

ის სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებიდან განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთი უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა.

"2018 წლის 18 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე - დავით მგელიაშვილმა, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთი უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა. მგელიაშვილმა, პირადი ინტერესები კანონზე მაღლა დააყენა და ყოველგვარი მტკიცებულებების შეფასების გარეშე, პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. ამით კი, მისი, როგორც მოსამართლის, უვადოდ გამწესების გარანტია მიიღო. ე.წ. კრიმინალმა ზაზა ბაქრაძემ კი, პროკურატურასთან წინასწარ შეთანხმებული გეგმა-გარიგების თანახმად, ცრუ ჩვენების საფუძველზე, თავისუფლება მოიპოვა და სრულიად უდანაშაულო ადამიანები - ჟურნალისტი და პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები პოლიტიკურ პატიმრებად აქცია", - აცხადებს დონაძე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები - ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი დამნაშავედ ცნო.ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით აეკრძალა თანადებობის დაკავება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე