ბრაზილიისა და საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს შეიცავს - მიხეილ ჯანელიძე

საქართველო, თბილისი - 15:06 | 16.11.2017
ნანახია: 1203

„ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რომ იყოს მეტი ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსა და ბრაზილიას შორის, რაც უზრუნველყოფს მეტ სტაბილურ განვითარებასა და მშვიდობას. გვინდა შევქმნათ ის ჩარჩო, რომელიც ბიზნესს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ახალ პროექტების გასავითარებლად.“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ალოუსიო ნუნეს ფერეირასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას და ისაუბრა ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე პოლიტიკური და სექტორალური თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების მიმართულებით.

ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ მზარდ პოტენციალზე სავაჭრო ურთიერთობებისა და საინვესტიციო სფეროში. ასევე ისაუბრა, მომავალ წელს, ბრაზილიიდან დაგეგმილ სავაჭრო მისიის მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული მისია ახალ შესაძლებლობების იდენტიფიცირებას მოახდენს.

„ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით. პირველ რიგში, თქვენი ბაზრიდან გამომდინარე და მეორე, საქართველოს შესაბამისი სავაჭრო რეჟიმებით რეგიონში, იმ ინფრასტრუქტურული ინვესტიციებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ვუკავშირდებით რეგიონის და რეგიონის მიღმა ქვეყნებს. საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს ბიზნესის საკეთებლად რეგიონში. ამისთვის, ჩვენ ვახორციელებთ შესაბამის რეფორმებს და გვაქვს შესაბამისი საინვესტიციო გარემო და  გვინდა ვიხილოთ უფრო მეტი ბრაზილიური კომპანიები საქართველოში.“ - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ  ხაზი გაუსვა განათლების სფეროში არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, რის მაგალითადაცმოიყვანა  საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხული ბრაზილიელი სტუდენტები. მინისტრმა ისაუბრა ხალხთაშორისი კონტაქტების მნიშვნელობაზე და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა  სოფლის მეურნეობა, ფიტო სანიტარია, სპორტი და კინემატოგრაფია.

„თქვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინეთ საქართველოს, მაშინ როდესაც ბრძანდებოდით საქართველოს-ბრაზილიის  საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი. ეს მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ურთიერთობების გასაღრმავებლად, ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გასაძლიერებლად და განსამტკიცებლად. თქვენი ვიზიტი არის სწორედ ამ დიდი მეგობრული დამოკიდებულების გამოხატვა, რასაც ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ვაფასებთ.“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ალოუსიო ნუნეს ფერეირას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისათვის. 

პრეს-კონფერენციის დაწყებამდე, მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას.

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში 15-16 ნოემბერს მიმდინარეობს.  ალოუსიო ნუნეს ფერეირა პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე