ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ „დიფ სთეითთან“ მარცხდება - ლანა გალდავა „გრანტების შესახებ“ კანონში მორიგ ცვლილებებზე

საქართველო, თბილისი - 15:11 | 07.04.2026
ნანახია: 53

ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ „დიფ სთეითთან“ მარცხდება, - ამის შესახებ „ლელოს-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლანა გალდავამ „ქართული ოცნების“ მიერ „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ მორიგ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ, „ძლიერი საქართველო-ლელო“ პირობას გაძლევთ, რომ ყველა კანონი, რომელიც არის ანტიდემოკრატიული, ანტიქართული, ანტიეროვნული და ანტიკონსტიტუციური აუცილებლად გაუქმდება და ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღე დამკვიდრდება“,- განაცხადა გალდავამ.

გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ „გრანტების შესახებ“ კანონს კიდევ ერთხელ ცვლის. უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით პარლამენტს წარედგინა პროექტი, რომლის მიხედვით, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

„მიზანშეწონილია, რომ გრანტის გამცემი სუბიექტი დაზუსტდეს და გრანტად არ იქნეს მიჩნეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას. კანონის მოქმედი რედაქცია აღნიშნულ ურთიერთობაზე არც ვრცელდება, მაგრამ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის ერთგვაროვანი წაკითხვა, შესაბამისი დაზუსტება მიზანშეწონილია“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებითა და პარლამენტის მიერ მიღებული კანონებით, უცხოური გრანტის მიღების წესები გამკაცრებულია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე