ჩემი აზრით, ამ წელს იქნება არჩევნები, მე ასეთი ვერსია მაქვს - იაგო ხვიჩია

საქართველო, თბილისი - 03:41 | 02.04.2026
ნანახია: 116

მე ასეთი ფორმატები მინახავს, ერთ-ერთში მეც ვყოფილვარ ამის მონაწილე თავის დროზე, როცა პოლიტიკაში შემოვდგი ფეხი და ვიცი, რომ ეს არის ერთგვარი პოლიტიკური „ტიტანიკი“, – ასე უპასუხა პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რატომ ფიქრობს, რომ ოპოზიციის ალიანსის ეს ახალი ფორმატი არც ამჯერად არ იქნება წარმატებული?

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, მისი აზრით, არჩევნები მიმდინარე წელს იქნება.

„ჩემი აზრით, ამ წელს იქნება არჩევნები. მე ასეთი ვერსია მაქვს და გეტყვით, რა ამყარებს ამ ვერსიას. ზოგადად, ამ პოლიტიკური „ტიტანიკის“ შემოგორება არის წინასაარჩევნო წელს, იმიტომ, რომ მასეთი სულელი არავინ არ არის, იმას ვერ მიხვდეს, რომ სამ წელიწადში რომ არჩევნებია, იქამდე ეს კოალიცია ვერ მიაღწევს. სადმე წავიდა ის შეკითხვა, 40 მილიონი სად იშოვა გვარამიამ? ახლა სად იშოვიან ფულს ან სად შოულობენ? უბრალოდ, ხმას არავინ არ იღებს, იმიტომ, რომ ყველას უნდა ამ „ტიტანიკში“ მოხვედრა. ვის აწყობდა საერთოდ ამ „ტიტანიკის“ მოქოქვა აქამდე, თუ არჩევნებს არ აპირე, ან რაღაც მსგავსის გეგმა „ბ“ მაინც არ გაქვს გადადებული? იმიტომ, რომ ხომ შეუძლებელია, სამი წელი ან ერთი წელიც კი გააჩერო ესენი ერთად? რომელიმე წევრი რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, თქვენ ფიქრობთ, რომ სამი წელი გაძლებს ეს რაღაც ალიანსიო, შანსი არ არის, ეგ იქ ვინმემ დაიჯეროს. შანსი არ არის, ისეთი ხალხია იქ თავმოყრილი. ეგენი, ნეტავ, „ქართულ ოცნებაში“ შევიდნენ, ერთ დღეში დაიშლება „ქართული ოცნება“. ჩერგო და გვარამია, ნეტავ, „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ, ალიანსში კი არა, ბიძინას ფულებიც კი ვერ უშველიდა, ისე დაიშლებოდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე