ზემო ლარსის ჩაკეტვით მიღებული ზარალის კომპენსირება ზღვით ტრანსპორტირებული ტვირთების ხარჯზე მოხდება

საქართველო, თბილისი - 11:15 | 30.06.2016
ნანახია: 1163

მთავრობამ გამოსავალი იპოვა და ზემო ლარსის ჩაკეტვით მიღებული ზარალის კომპენსირება ზღვით ტრანსპორტირებული ტვირთების ხარჯზე მოხდება.

თუ ამინდი ხელს არ შეუშლის მიმდინარე სამუშაოებს, დევდორაკის ხეობაში გზა 2 კვირაში გაიხსნება, თუმცა მინისტრთა კაბინეტი მიიჩნევს, რომ  საჭიროა სხვა სერიოზული საინჟინრო გადაწყვეტილების მიღება.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის გამონახულია ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალება.

„ეკონომიკის სამინისტრო მჭიდრო კავშირშია სომხეთის სატრანსპორტო სამინისტროსთან და უკვე ალტერნატივა გამონახულია, რომ ბორანის მეშვეობით მოხდეს ხილის გატანა. არა მახოლოდ სომხეთი, ჩვენი ექსპორტიორებიც იყენებენ ამას. ამიტომ მგონია, რომ დროებით ტრანსპორტირების საკითხი გადაწვეტილია, თუმცა სხვა საინჟინრო გადაწყვეტილება საჭიროა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ცნობილია, 23 ივნისს, ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე თერგს კალაპოტი შეუცვალა. მოვარდნილმა წყალმა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 800 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე, კმ134-კმ135  მონაკვეთზე, დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე აიკრძალა. შესაბამისად მგზავრების გარდა შეჩერდა სატვირთო გადაზიდვებიც. გარდა ქართულ ტვირთებისა რუსეთის მიმართულებით შეწყდა სომხური ტვირთების გატარებაც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე