თუშეთის ეროვნულ პარკში ტურისტული სეზონი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 15:03 | 27.06.2016
ნანახია: 1212

თუშეთის ეროვნულ პარკში ტურისტული სეზონი გაიხსნა.
ფესტივალ „მზე მოეს“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ფესტივალის სტუმრები ფოლკლორულ ხელოვნებას გაეცნენ, დააგემოვნეს თუშური სამზარეულო და მონაწილეობა მიიღეს ტრადიციულ სპორტულ თამაშებსა და ღონისძიებებში.

ფესტივალის ფარგლებში თუშეთის ეროვნულ პარკში სალაშქრო და საცხენოსნო ტურები მოეწყო.
ტრადიციული თამაშებისა და სამზარეულოს ფესტივალში თუშეთის 50-მდე სოფლის მცხოვრებლებმა მიიღეს მონაწილეობა. 

ფესტივალის მიზანია ადგილობრივი ტურიზმის განვითარება, ვიზიტორების რაოდენობის გაზრდა და თუშეთის ეროვნული პარკის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ფესტივალზე ჯგუფი „ბანის“, ეთერ თათარაიძისა და „კესანეს“ კონცერტი და ხრიდოლის აკადემიის შოუ გაიმართა.

„მზე მოე“ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიაზაცია - ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) მხარდაჭერით გაიმართა.
ჩეხეთის ელჩმა ტომაშ პერნიცკიმ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას სასწრაფო დახმარების მანქანა გადასცა. .

ფესტივალს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე