25 ივნისს პრემიერ–მინისტრი სამეგრელოსა და აჭარის რეგიონს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 18:05 | 24.06.2016
ნანახია: 1366

25 ივნისს საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამეგრელოსა და აჭარის რეგიონს ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება  შპს. „შავი ზღვის ცემენტის“  ცემენტის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის დაწყების ცერემონიას, რომელიც სენაკში, 12:00 საათზე გაიმართება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონი დოლარია. დასაქმდება 500-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი სენაკში ასევე დაესწრება სახალხო დღესასწაულ „მარულას" და დაათვალიერებს აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც  „ქართუ ჯგუფის» დახმარებით ხორციელდება. ისტორიული თეატრის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.
პრემიერ-მინისტრი  სახელმწიფო პროგრამის– „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში დაფინანსებულ  საკონდიტრო საწარმოს ,,ვესთ ჯორჯიან ბეიქერს“ ეწვევა.
აჭარის რეგიონს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატა– გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს სოფელ ციხისძირში სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის– "კასტელო მარე" ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაში. სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი შედგება 8 სხვადასხვა კატეგორიის 90 ნომრისგან. იგი მოიცავს შიდა და გარე საცურაო აუზს, სპა ცენტრს, რესტორანს, ღია ბარს ტერასაზე და სანაპიროზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე