სენაკელები გიორგი კვირიკაშვილს სამთავრობო კომისიის შექმნას სთხოვენ

საქართველო, თბილისი - 13:07 | 24.06.2016
ნანახია: 1901

სენაკში, სოფელ ნოსირში, კლინკერის ცემენტის ქარხნის მშენებლობა იწყება. ამ მიზნით, “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში, მთავრობამ ინვესტორს 1 ლარად, 263 265 კვ/მ ფართი გადასცა. საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, “ქართული სამშენებლო მასალების კომპანიამ” 8 867 408 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინვესტორისთვის გადაცემული უძრავი ქონების ღირებულება 2 216 852 ლარია. ქარხანას ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის “ქართული სამშენებლო მასალების კომპანია”, ასევე “აზიურ-აფრიკული მენეჯმენტის კომპანია” და “ჰუალინგ ჯგუფი” ააშენებს. ოფიციალური ინფორმაციით, ამ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი აშშ დოლარია.

გაზეთ ”ვერსიის” ინფორმაციით, ქარხანა რომ ამუშავდეს, აუცილებელია კირქვა და თიხა. სენაკის სოფელ კოტიანეთში, გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, შპს “ქართული სამშენებლო მასალების კომპანიაზე”, სოფელ კოტიანეთში, კირქვის მოპოვების 20 წლიანი ლიცენზია გასცა. სრული ციკლის ქარხნის ასაშენებლად საჭიროა მინიმუმ 40-50 წლიანი ოპერირების გარანტია. მაგალითისთვის, კასპის ცემენტის ქარხანა აშენდა გასული საუკუნის 30-იან წლებში და დღესაც აქტიურად ოპერირებს. დღევანდელი მონაცემებით,  ლიცენზია გაცემულია 6 000 000 ტონა კლინკერზე. კომპანია პირობას დებს, რომ წელიწადში გამოუშვებს 400 000 ცემენტს, რაც ქარხანას ერთი წლით ოპერირებისთვისაც კი არ ეყოფა. თუ ექსპერტების გათვლებს დავეყრდნობით, სრული ციკლის ქარხნის ოპერირებისთვის კლინკერის საბადო და მისი რესურსი 50 000 000 ტონამდე უნდა გაიზარდოს, სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია გაწეული დანახარჯის ამოღება და მოგების მიღება, ამიტომაც აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დებს ინვესტორი 100 მილიონს, თუკი არ აპირებს მომავალში კირქვის მოპოვების რადიუსის გაზრდას.

თუ გავითვალისწინებთ სენაკის რაიონის გეოგრაფიულ მდებარეობას, ტყის ფონდსა და სხვა მსგავს ფაქტორებს, ეს ნიშნავს, რომ კირქვის მოპოვების რადიუსი დიდი მასშტაბით უნდა გაიზარდოს, გაიჩეხოს ტყით დაფარული ტერიტორიების უდიდესი ნაწილი, უნდა მოხდეს ლანდშაფტში ჩარევა და მთის მასივების ჭრა. ეს ყოველივე კი გამოიწვევს გარემოსთვის  შეუქცევად ზიანს მიაყენებს. გარდა ამისა, კირქვის გადატანა კარიერიდან ქარხნამდე უნდა მოხდეს დასახლებულ პუნქტებზე, რაც უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და არსებულ სასოფლო სამეურნეო მიწებზე. ხე-ტყის ჭრა გამოიწვევს ბუნებრივი წყლების დაშრობას, ნიადაგქვეშა თერმული წყლების გაქრობასა და ეკის მთათა სისტემაზე არსებული უნიკალური სამკურნალო მღვიმეების გადადგურებას. საფრთხე ექმნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. დაიწყება პროცესები, რაც არამხოლოდ სენაკის რაიონს, არამედ კოლხეთის დაბლობსაც დააზარალებს.

სოფელ კოტიანეთთან კირქვის საბადო ორჯერ შეჩერდა, პირველად 20-ე საუკუნის 80-იან წლებში ტაშკენტის ლაბორატორიის დასკვნის საფუძველზე, ხოლო მეორედ 2014 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს მოთხოვნით. ამ ფონზე, მოსახლეობა ხელისუფლებას სამთავრობო კომისიის შექმნას სთხოვს და აცხადებს, რომ მანამდე, სანამ ცეზარ ჩოჩელსა და ჩინელ ინვესტორს გარემოს დაცვის სამინისტრო გარემოზე ზემოქმედების ნებართვას მისცემს, საჭიროა, ალტერნარიული ექსპერტიზის ჩატარება და სენაკში არსებული ვითარების შესწავლა!  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე