მთის განვითარებისთვის მიკრო გრანტების პროგრამა ამოქმედდება

საქართველო, თბილისი - 10:43 | 18.06.2016
ნანახია: 1810

მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობას ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა. უკვე 27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მთის მაცხოვრებლებს შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები ვებგვერდზე - www.qartuli.geდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით წამოიწყონ საკუთარი საქმე მთაში.

აღნიშნული სიახლის შესახებ საქართველოს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გამგებლებს ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკიმ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა მიაწოდეს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას. იგი შედგება ორი კომპონენტისაგან - პირველია გრანტები 5,000 ლარიდან 15,000 ლარამდე, ხოლო მეორეა წვდომა განათლებისა და უნარების განვითარებაზე. ბოჭორიშვილის განცხადებით, მსგავსი პროექტი „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში წარმატებით ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია შეიქმნას უფრო მეტი ახალ სამუშაო მთიან ზონაში და გაიზარდოს სამეწარმეო უნარ-ჩვევები მაღალმთიან რეგიონებში. 

პროგრამა „მიკრო გარანტები მთის განვითარებისათვის“ მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით შემუშავდა. პროექტი საშუალებას აძლევს მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან მიიღოს 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსება და საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე წამოიწყოს ბიზნესი, რაც ზოგადად მთის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ამ კომპონენტრის შემუშავება პასუხობს მოსახლეობის მხრიდან დიდ მოთხოვნას, რაც მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში დაფიქსირდა. სწორედ ამ პროგრამის შედეგების, ეფექტურობისა და მოსახლეობის მხრიდან მაღალი დაინტერესების გათვალისწინებით, პროგრამის განმახორციელებელი უწყება,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო, მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან ერთად მაღალმთიან  რეგიონში დაიწყებს მიკრო გრანტების გაცემას, რაცმნიშვნელოვნად შეამცირებს მთიდან მიგრაციას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე