22 სექტემბრიდან „China Southern Airlines“-ი პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს დაიწყებს

საქართველო, თბილისი - 17:43 | 14.06.2016
ნანახია: 1369

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი პირების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დღეს გაიმართა გაფართოებული შეხვედრა ჩინეთისა და საქართველოს საავიაციო ხელისუფლებს შორის. მასპინძელი მხარის მოწვევით, შეხვედრას უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანიები - „Air China“, „Hainan Airlines“, „China Southern Airlines“ და „China Eastern Airlines“ ესწრებოდნენ. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის საავიაციო სფეროში არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღმავებისა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. როგორც ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის (CAAC) პირველმა პირებმა აღნიშნეს, ორ ქვეყანას შორის გაღრმავებული პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე, საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება ჩინური ავიაკომპანიებისათვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართული საავიაციო ბაზრის ინტენსიურად ათვისების ხელშეწყობის მიზნით, საავიაციო ხელისუფლებები მჭიდროდ ითანამშრომლებენ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების ირგვლივ. პოზიტიურად შეფასდა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორიო ორგანიზაციის (ICAO) მიერ საქართველოში ჩატარებული საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების აუდიტების მიერ გამოვლენილი შედეგები, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება გაზრდილი საჰაერო მიმოსვლის უზრუნველყოფის კუთხით.

შეხვედრის ფარგლებში, კონსულტაციები გაიმართა დამსწრე ჩინურ ავიაკომპანიებთან. სააგენტოს წარმომადგენლებმა ავიაგადამზიდველებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების ტენდენციების, ასევე ქვეყანაში მოქმედი ლიბერალური საავიაციო საკანონმდებლო ბაზის შესახებ, რაც ამარტივებს საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყების შესაძლებლობას. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „China Southern Airlines“ შორის გამართული ერთთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, ავიაკომპანიამ ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ახალი დანიშნულების პუნქტის დამატებაზე მიიღო გადაწყვეტილება. კერძოდ, მიმდინარე წლის 22 სექტემბრიდან „China Southern Airlines“ რეგულარულ ფრენებს პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს, რის შემდეგადაც ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის საავიაციო მიმოსვლა დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დელეგაციის პირველი ვიზიტი ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში, რაც ჩინელი კოლეგების მიერ შეფასდა როგორც ისტორიული მნიშვნელობის შეხვედრა. ქართულმა მხარემ მიიღო ოფიციალური მიწვევა მიმდინარე წლის აგვისტოში ქალაქ ურუმჩიში დაგეგმილ საავიაციო ფორუმზე. სააგენტოს მოწვევით კი, საქართველოს უახლოეს მომავალში ჩინეთის საავიაციო ხელისუფლების უმაღლესი პირები ესტუმრებიან.

სააგენტოს ხელმძღვანელი პირების სამუშაო ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მადლობას უხდის საქართველოს საელჩოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე