სებ-ის პრეზიდენტი კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:47 | 14.06.2016
ნანახია: 1242

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა და საბანკო სექტორში არსებული ვითარებისა თუ პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. როგორც შეხვედრის შემდეგ კობა გვენეტაძემ განაცხადა, შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. სებ-ის ახალ პრეზიდენტს არ დაუმალავს ისიც, რომ აღნიშნული ფორმატით შეხვედრის დროში გადაწევა პირადად მისი მიოზეზით მოხდა.

„დღეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა კომერციულ ბანკებთან. მე მჭირდებოდა გარკვეული დრო, რათა გავცნობოდი ასე თუ ისე არსებულ სიტუაციას. ამავე დროს მინდა დავამყარო მჭიდრო კავშირი კომერციულ ბანკებთან, ვინაიდან გუნდს გვინდა უფრო კარგად გავიგოთ, რა აწუხებთ, რა კომენტარები აქვთ, რა შემოთავაზებები აქვთ. სხვადასხვა საკითხი გავიარეთ, რამდენიმე საკითხი მინდა გამოვყო, პირველი ეს არის ლარიზაციასთან დაკავშირებული საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ძალიან მაღალია დოლარიზაციის მაჩვენებელი და ჩვენ ვდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს იმისათვის, რათა ეს შევამციროთ. მომავალში თუ იქნა რაიმე შოკები, ისეთი მტკივნეული არ იყოს ამის გადატანა მოსახლეობისათვის, როგორც გასულ წელს იყო. მოსახლეობისათვის გვინდა, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს გრძელვადიანი სესხები.

ამავე დროს განვიხილეთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხები, ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია კომერციული ბანკებისთვისაც.  რაც უფრო მეტი კმაყოფილი მსესხებელი ეყოლება კომერციულ ბანკს, ეს უფრო კარგი იქნება თავად კომერციული ბანკისათვის. გვინდა, რომ გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ წესში, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას. გარდა ამისა ვისაუბრეთ მოსალოდნელ, დეპოზიტების დაზღვევის შემოღებასთან დაკავშიებით“, აღნიშნა შეხვედრის შემდეგ სებ-ის პრეზიდენტმა.

აღნიშნული შეხვედრით კმაყოფილი იყო კომერციული ბანკების წარმომადგენლებიც.

„ეს იყო პირველი შეხვედრა სებ-ის პრეზიდენთან, ეს იყო უფრო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ვისაუბრეთ საბანკო სექტორის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, ასევე თანამშრომლობის და ურთიერთობების ფორმატებზე. შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ“, განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე