"ხელისუფლების განცხადება წარმოადგენს საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების უგულებელყოფას" - კვირიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 01:30 | 29.11.2024
ნანახია: 721

ხელისუფლების განცხადება წარმოადგენს საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების უგულებელყოფას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემი პოზიცია ხელისუფლების ბოლო განცხადებაზე:
ევროინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად, თუნდაც დროებითი შეჩერების გამოცხადება არის საკუთარივე ამომრჩევლის მიმართ გაცემული ევროპისკენ ღირსეული სვლის დაპირების საპირისპიროდ განხორციელებული აბსოლუტურად გაუგებარი ქმედება და შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების უგულებელყოფას. ამ ნაბიჯით "ქართული ოცნება" დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას, რაც ისედაც მყიფე გარემოში სრულიად გაუგებარია.

ევროინტეგრაცია ორმხრივი პროცესია და მისი განახლება და გაწევრიანების მოლაპარაკებისთვის ვადების განსაზღვრა კანდიდატი ქვეყნის ცალმხრივი პრეროგატივა არ არის. პროცესის შეჩერება საქართველოს მხრიდან იძლევა უკიდურესად ნეგატიურ სიგნალს ქვეყნის სტრატეგიის თვისობრივი ცვლილების თაობაზე. გაუგებარია, რა პოლიტიკური და პრაგმატული არგუმენტები დგას ამ ქმედების უკან.

ვფიქრობ, ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მოახდინოს მთავარი საარჩევნო დაპირებისადმი ერთგულების დემონსტრირება, რაც გულისხმობს ევროკავშირთან აქტიური ინტეგრაციის პროცესის აღდგენას ტრადიციული და ოჯახური ღირებულებების დაცვაში კომპრომისის გარეშე", - წერს კვირიკაშვილი.

შეგახსენებთ, თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ  2028 წლის ბოლომდე აჩერებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე