საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ამბიციაა - ბორის ჯონსონი

საქართველო, თბილისი - 17:40 | 23.10.2017
ნანახია: 1641

როგორც არაერთხელ მითქვამს მე და ასევე პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეის, ჩვენ შეიძლება ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ ჩვენ არ ვტოვებთ ევროპას და ჩვენ განვიხილავთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ამბიციად, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანმა ბორის ჯონსონმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ლონდონში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.

ბორის ჯონსონის თქმით ბრიტანეთი დაინტერესებულია განავითაროს საქართველოსთან თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით და ის უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა. 

მისი თქმით საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერება მნიშვნელოვანია ევროპის კონტინეტისთვის.

,,საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობა ვითარდება. მიგვაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში გაძლიერება მნიშვნელოვანია ევროპის კონტინეტისთვის და ჩვენ ამ საკითხებს შევეხებით შეხვედრის დროს. განვიხილავთ სავაჭრო ურთიერთობებს, მოხარული ვარ, რომ ბრიტანეთში ბოლო წლებში გაიზარდა ქართული ღვინის იმპორტი და ასევე გიზარდა ბრიტანელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში. ჩვენი მიზანია, რომ გავააქტიუროთ თანამშრომლობა და მე მაქვს დიდი სურვილი ვეწვიო საქართველოს უახლოეს მომავალში",- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა გაერთიანებულ სამეფოსთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ბრექსიტის შემდგომ ორმხრივ სამართლებრივ ფორმატში განავითაროს შეთანხმებები, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით.

„ჩვენ ამაყი ვართ ვიდგეთ ბრიტანეთის გვერდით ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხში, ჩვენ ვავითარებთ, არა მხოლოდ ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას, არამედ ჩვენს პარტნიორობას მრავალმხრივ ფორმატებში. ჩვენ ველით ბრექსიტის შემდგომ მტკიცე სამართლებრივი ბაზის შექმნას მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენს სავაჭრო-ურთიერთობებს. ჩვენ მადლობელი ვართ გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საქართველოს მთავრობის კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი მიდგომების მიმართ. ველით თანამშრომლობის გაძლიერებას და გაღრმავებას, მოხარული ვიქნები გიმასპინძლოთ საქართველოში", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა ლონდონში 2017 წლის 23 ოქტომბერს გაიმართა. ლონდონში მიმდინარეობს საქართველო - გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული დიალოგის - უორდროპის დიალოგის მეოთხე შეხვედრა, რომელიც საზეიმოდ გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გაერთიანებული სამეფოს ევროპისა დ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალან დანკანმა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე