არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, გაიმარჯვა თბილისმა და თითოეულმა თბილისელმა - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 15:46 | 22.10.2017
ნანახია: 962

არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, გაიმარჯვა თბილისმა და თითოეულმა თბილისელმა, - ამის შესახებ ცესკო-ს მონაცემებით თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ჩატარებული სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებით საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის დემოკრატიული სამყაროს, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. 

„დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გამოცხადებული მხარდაჭერისთვის და მოგილოცოთ ეს დამაჯერებელი გამარჯვება. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად, დიდი პატივია, ვიყო ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის მერი. თქვენი მხრიდან გამოცხადებული მაღალი მხარდაჭერა კი მიორმაგებს პასუხისმგებლობას და მაძლევს სტიმულს, თავდაუზოგავად ვიმუშაო ჩვენი ქალაქის თითოეული თბილისელის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევისთვის. 

ჩატარებული სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის დემოკრატიული სამყაროს, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. მინდა ყველამ იცოდეს, რომ არჩევნებში არავინ დამარცხებულა. ამ არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, გაიმარჯვა თბილისმა და თითოეულმა თბილისელმა. მერიის კარი ღია იქნება თბილისის თითოეული გულშემატკივრისთვის, ნებისმიერი კონსტრუქციული ძალისთვის და თუნდაც ჩემი ყოფილი კონკურენტებისთვისაც, რომელთაც კონკრეტული რეალისტური იდეები აქვთ და სურთ, საკუთარი წვლილი შეიტანონ ჩვენი დედაქალაქის უკეთესი მომავლის მშენებლობაში. ამაზე უკვე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მართლაც, თუ მათ გააჩნიათ კონკრეტული ხედვები, იდეები, კონკრეტული პროექტები თბილისთან დაკავშირებით, მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.  


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე