H&M-მა 60 ტონაზე მეტი გაუყიდველი ტანსაცმელი დაწვა

საქართველო, თბილისი - 16:42 | 19.10.2017
ნანახია: 19696

ტანსაცმლის ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზიათა ქსელი H&M გაუყიდველ ტანსაცმელს წვავს. მხოლოდ 2013 წლის შემდეგ მან 60 ტონაზე მეტი გაუყიდავი პროდუქცია გაანადგურა, ამის შესახებ ტელეარხ Euronews-ის რეპორტაჟშია ნათქვამი. ტელეარხი დანიური ტელევიზიის გამოძიებას ეყრდნობა.

თუ ეს მონაცემები დადასტურდება, ძლიერი დარტყმა იქნება კომპანიის იმიჯისთვის, რომელიც მრავალი წელია გამოდის უსარგებლო ნივთების სწორი უტილიზაციისათვის. ის ასევე სხვადასხვა ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების სახით ძველ ტანსაცმელს გზავნის.

ეკოლოგიური ორგანიზაციის Redress-ის ხელმძღვანელი კრისტინა დინი აღნიშნავს, რომ ერთი წყვილი ჯინსის დასამზადებლად აუცილებელია 3625 ლიტრი წყალი, 400 მეგაჯოული ენერგია და 3 კგ ქიმიკატი.

„თუ ამის შემდეგ ვწვავთ ჯინსებს, ეს ეკოლოგიური რაციონალურობის დაცინვაა“, - აღნიშნავს ის.

H&M-ში განაცხადეს, რომ განადგურებული ტანსაცმელი არ შეესაბამებოდა კომპანიის სტანდარტებს და ჯანმრთელობისთვის შესაძლოა სახიფათო ყოფილიყო. ჟურნალისტებს განადგურებისთვის განკუთვნილი რამდენიმე წყვილი ჯინსი გადაეცათ, რომლებიც მათ ექსპერტიზისთვის ჩააბარეს. ექსპერტებმა ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.

კომპანიაში ჟურნალისტებს ვერ წარუდგინეს დოკუმენტაცია, რომელიც პროდუქციის ჯანმრთელობისთვის ხიფათს დაადასტურებდა.  

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე