კახა კალაძე: ჯანსაღი ცხოვრების დანერგვასა და პოპულარიზაციაში სახელოვანი სპორტსმენების თანადგომა მნიშვნელოვანი იქნება

საქართველო, თბილისი - 17:40 | 16.10.2017
ნანახია: 920

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენი ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში და საქართველოს წინსვლაში. დღესაც აგრძელებთ თქვენს საქმიანობას და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ერთად კიდევ ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი დედაქალაქისა და ჩვენი ქვეყნისთვის“ - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ქართული სპორტის დამსახურებულ წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, სახელოვანი სპორტსმენების ჩართულობა  და თანადგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციაში.

„მე მაქვს თითოეული თქვენგანის თანადგომის და მხარდაჭერის იმედი. მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ თქვენც უნდა გქონდეთ ჩემი იმედი, რადგან ეს ქალაქი ყველას გვიყვარს, ყველას გვაქვს ამბიცია, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო ლამაზი და კეთილმოწყობილი. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში და დედაქალაქის განვითარებაში თითოეული ჩვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველამ უნდა დავდოთ თითო აგური ამ საქმეში“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა სპორტსმენებს თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო. შეხვედრას, ასევე,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესწრებოდა.

„დარწმუნებული ვარ, დედაქალაქი ერთ-ერთი სპორტული ქალაქიც გახდება. ეჭვი არ გვეპარება, რომ კახა წარმატებული მერი იქნება, რადგან ის წარმატებული იყო ყველა სფეროში და ამას მიაღწია თავდაუზოგავი შრომით, ქვეყნის განსაკუთრებული სიყვარულით, უამრავი განსაცდელის მიუხედავად, ის ყოველთვის იყო ქვეყნის სამსახურში, ერთგული ადამიანია და ამ თვისებებით ის შეძლებს, რომ საქართველოს ისტორიაში თბილისის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მერი იყოს“ - განაცხადა სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა.

კახა კალაძის პროგრამულმა ხედვამ სპორტსმენების მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.

„პროგრამა შესანიშნავია. მისი მესამედიც რომ განხორციელდეს, ეს იქნება ბრწყინვალე. ყველაფერი გათვლილია და ბატონი კახას ენერგიიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ის მერობის ღირსეული კანდიდატია და ეჭვი არ მეპარება, რომ ამ საარჩევნო რბოლას გამარჯვებით დაასრულებს. მე ვერ ვხედავ უბრალოდ მის კონკურენტს. ვფიქრობ, რომ მართლაც შთამბეჭდავია ეს პროგრამა“  - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა.

„კახა რეალისტი კაცია და რეალურად აქვს შეფასებული რამდენად საპასუხისმგებლო პოსტზე უნდა ავირჩიოთ. ის სიტყვის კაცია და ჩვენც გვერდით დავუდგებით, რომ ეს წარმოდგენილი გეგმა შეასრულოს“  - განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე