გიორგი მარგველაშვილმა იტალიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია

საქართველო, თბილისი - 16:57 | 16.10.2017
ნანახია: 1022

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილმა დელეგაციასთან ერთად  გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან სერჯო მატარელასთან და იტალიის სახელმწიფო დელეგაციასთან.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, წელს საქართველო და იტალია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ამ წლების განმავლობაში, ორი ქვეყნის ურთიერთობები ერთგულ მეგობრობასთან, ნაყოფიერ თანამშრომლობასა და ძლიერ პარტნიორობასთან ასოცირდება.

მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი მიმოიხილეს და აღინიშნა იტალიის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ამ პროცესში და გიორგი მარგველაშვილმა იტალიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილისათვის, სადაც იტალია 2 დამკვირვებლითაა წარმოდგენილი.

აღინიშნა, რომ იტალია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია და ასევე მხარს უჭერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.

გაფართოებული ფორმატით დელეგაციებთან ერთად შეხვედრისას პრეზიდენტებმა საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის გააქტიურების შესახებ ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ 2018 წელს იტალია ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და ეუთოს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და დევნილთა საკითხის შენარჩუნება საქართველოსათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია

ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრით გიორგი მარგველაშვილმა იტალიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

საქართველოს პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა უმასპინძლოს საქართველოში ეუთოს ელჩებს და აღნიშნა, რომ 2008 წლიდან საქართველოს სურს შედგეს ეუთოს ელჩების ვიზიტი, თუმცა სამწუხაროდ, აღნიშნული ვიზიტი ეუთოს წევრი ერთადერთი სახელმწიფოს მიერ იბლოკება. შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ნატოს მომავალ სამიტებს და მათ მოსამზადებელ სამუშაოებს.

ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში აღინიშნა, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისა და იტალიასთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა. იტალია -საქართველოს  ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვის მოცულობის მიხედვით მე-10 ადგილს იკავებს.

შეხვედრისას განიხილეს ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტის -TAP მნიშვნელობა და ამ პროექტში საქართველოს როლი.

საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო კლიმატს და იტალიური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას, რასაც ხელს შეუწყობს ბიზნესურთიერთობების გააქტიურება და ბიზნესფორუმების ჩატარება, რომელსაც შესანიშნავი საფუძველი აქვს - 2017 წლის განმავლობაში რომსა და თბილისში რამდენიმე ბიზნესფორუმები ჩატარდა. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრისას მიესალმა საქართველოში მოქმედი იტალიური კომპანიების საქმიანობას.    

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კარლო სიხარულიძე.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე