პროფესიული განათლების 26 ახალ პროგრამაზე სტუდენტების მიღება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:20 | 13.10.2017
ნანახია: 1538

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში შექმნილ პროფესიული განათლების 26 ახალ პროგრამაზე სტუდენტების მიღება მიმდინარეობს.  

ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების მეშვეობით შეიქმნა თანამედროვე, დამსაქმებლების მიერ მოთხოვნილი პროგრამები: საზღვაო, საინჟინრო, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ავიაციისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებში. თანამედროვე პროფესიული უნარების შეძენის მსურველები დაეუფლებიან ისეთ სპეციალობას როგორიცაა: შემდუღებელი, თევზსაჭერი გემის ოპერატორი, პორტების ლოჯისტიკის მენეჯმენტი, საფეხმავლო გამყოლი - სამთო გიდი, მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი, მექანიკოსი, მექატრონიკის სპეციალისტი შვეულმფრენის პილოტი, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერი/სპეციალისტი.

ახალი პროგრამები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და დამსაქმებლებთან თანამშრომლობით შეიქმნა. გათვალისწინებულია შრომის ბაზრის კვლევა, რათა შეივსოს დასაქმების ბაზარზე არსებული დეფიციტი. პროფესიების ნაწილი საქართველოში ამ დრომდე არ ისწავლებოდა და მსურველებს წელს პირველად მიეცემათ შესაძლებლობა, დაეუფლონ პროფესიას, რომელიც ხელს შეუწობს კურსდამთავრებულების სწრაფ და მაღალანაზღაურებად დასაქმებას.

მსურველებს ახალი პროფესიების დაუფლებაა შემდეგ სასწავლებლებში შეეძლებათ:

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ა(ა)იპ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა, სსიპ პროფესიული კოლეჯი „თეთნულდი“, სსიპ პროფესიული კოლეჯი „სპექტრი“, სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს ავიაციის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.

პროფესიულ პროგრამაზე სტუდენტების მიღება 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე