ქვეყანაში უნდა დასრულდეს, ბრძოლა ადამიანის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ არ შეიძლება ნარკომომხმარებელი იყოს დამნაშავე - კორძაია

საქართველო, თბილისი - 16:34 | 13.10.2017
ნანახია: 1183

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგი გამართა და დეკრიმინალიზაციის შესახებ, იუსტიციის მინისტრის გუშინდელი განცხადება შეაფასა. თამარ კორძაიამ კიდევ ერთხელ მოითხოვა ხელისუფლებისგან ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად რეალური ნაბიჯების გადადგმა.

"გუშინ "იმედი ნიუსმა" გაავრცელა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის კომენატრი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას. სამწუხაროა, როდესაც "ქართული ოცნების" და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს ავრცელებენ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რეალურად მმართველი პოლიტიკური გუნდი აგრძელებს იმ რეპრესიულ პოლიტიკას, რაც დაიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ. მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეების ინდივიდუალური ბრძოლის შედეგად უწევს ხელისუფლებას იძულებით დათმობებზე წასვლა.

რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ რეპრესიული პოლიტიკა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, ბრძოლა ადამიანის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს იმიტომ, რომ არ შეიძლება ნარკომომხმარებელი იყოს დამნაშავე, არ შეიძლება, ადამიანი ჩავსვათ ციხეში იმიტომ, რომ ზიანს აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას და საკუთარ სიცოცხლეს.

ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ზიანს აყენებს სხვას, მეორე პირს. აქედან გამომდინარე, არსებული ნარკოპოლიტიკა არის რეპრესიული, ის ემტერება ადამიანს, ადამიანის თავისუფალ ნებას და ჩვენ „რესპუბლიკელებს" მიგვაჩნია, რომ ეს უნდა შეიცვალოს. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჩვენი სტრატეგია ამის შესახებ და ვთვლით, რომ პორტუგალიაში არსებული მოდელი არის იდეალური,

რადგან უცხადებს თანადგომას ადამიანს, ადამიანს რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა და არა ციხეში ჩასმა.

ჩვენ ვუერთდებით "თეთრი ხმაურის" მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დროა, დაიწყოს ცვლილებები და სრულად ვართ მათი სულისკევეთების გამზიარებლები",- თამარ კორძაია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე