სალომე სამადაშვილი გია ვოლსკის გენდერული თანასწორობის საბჭოში უჩივის

საქართველო, თბილისი - 14:39 | 12.10.2017
ნანახია: 1018

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის გენდერული თანასწორობის საბჭოში უჩივის. სამადაშვილმა შესაბამისი მიმართვა დღეს საკანონმდებლო ორგანოს კანცელარიაში ჩააბარა. 

სალომე სამადაშვილის განმარტებით, საქმე ეხება თავდაცვის კომიტეტის 9 ოქტომბრის სხდომაზე მის მიმართ გია ვოლსკის მიმართვას, სადაც მას ვიცე-სპიკერმა „გოგო“ უწოდა. 

„საქართველოში, პოლიტიკაში ქალთა როლის გაძლიერება მნიშვნელოვანი ამოცანაა. პარლამენტში კვოტირებისსისტემის შემოღებაზე ვფიქრობთ, რათა პარლამენტში ქალთა თანამონაწილეობა გავაძლიეროთ. სამწუხაროდ, პარლამენტის უმაღლესი თანამდებობის პირებს, მათ შორის გია ვოლსკის არ ესმის, რას ნიშნავს გენდერულად დისკრიმინაციული ენის გამოყენება და კნინობითი ფორმით მიმართვა ქალი კოლეგების მიმართ. გენდერული თანასწორობის საბჭოს მივმართავ, რომ 9 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტი განიხილონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ, რადგან ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმ ქალებისთვის, ვისაც პოლიტიკაში მონაწილეობა სურთ, არამედ ყველა ქალისთვის, ვინც პროფესიულ გარემოში უსაფრთხოდ და დაცულად უნდა იგრძნოს“, - განაცხადა სამადაშვილმა. 

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილია. საბჭო ქალთა უფლებებზე მუშაობს. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე