საქართველოსა და ყაზახეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველო, თბილისი - 17:54 | 09.10.2017
ნანახია: 1100

საქართველო-ყაზახეთის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომის ფარგლებში, რომელიც 6 ოქტომბერს, თბილისში ჩატარდა, ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის კომიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი საავიაციო ხელისუფლებების მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველებს საშუალებას აძლევთ დადგენილ მარშრუტებზე საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები განახორციელონ ერთობლივი მარკეტინგული შეთანხმებების, მათ შორის ე.წ. „ზიარი კოდების“ გამოყენებით. ამასთან, მემორანდუმის თანახმად, ორი ქვეყნის დანიშნულების პუნქტებთან (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ასტანა, ალმა-ატა, აქტაუ) მიმართებაში კოდების ერთობლივი გამოყენება შესაძლებელი იქნება მესამე ქვეყნების ავიასაწარმოებთანაც.

მემორანდუმი გააუმჯობესებს ავიაკომპანიების კომერციულ შესაძლებლობებს ერთმანეთის საავიაციო ბაზრებზე და შეამცირებს მათ ოპერაციულ ხარჯებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყაზახეთს შორის საავიაციო მიმოსვლის შემდგომ ზრდას.

საქართველოსა და ყაზახეთის ქალაქებს შორის საავიაციო მიმოსვლას ამჟამად ავიაკომპანიები “Georgian Airways”, “Air Astana” და “SCAT” ასრულებენ.

საქართველო-ყაზახეთის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთვარობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომის ფარგლებში განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ შემდეგი ბმული: http://www.economy.ge/?page=news&nw=331

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე