საქართველოს მოქალაქეებისთვის კატარში მოგზაურობა მარტივდება

საქართველო, თბილისი - 13:55 | 20.07.2017
ნანახია: 1364

საქართველოს მოქალაქეებისთვის კატარში მოგზაურობა მარტივდება. კატარში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ეკატერინე მაიერინგ-მიქაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს კატარის სახელმწიფოს ვიზის წინასწარ აღება აღარ დასჭირდებათ. ინფორმაციას საზოგადოებრივი ავრცელებს.

ელჩის თქმით, მოქალაქეები დოჰას საერთაშორისო აეროპორტში, სასაზღვრო კონტროლის გავლისას შეძლებენ ვიზის მიღებას, რომელიც ძალაში 30 დღის განმავლობაში იქნება. ვიზის ღირებულება ადგილზე 34 დოლარია. ეკატერინე მაიერინგ-მიქაძის განცხადებით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები კატარსა და საქართველოს შორის 2012 წლიდან დაიწყო. 

"დაახლოებით 2012 წლიდან და მანამდეც  ვთხოვდით, განეხილათ ეს საკითხი.  გვპირდებოდნენ და დადგა ის მომენტი, როდესაც კატარის შს სამინისტროსთან შეხვედრისას ჩვენ კიდევ ერთხელ დავაყენეთ ეს საკითხი.  სადღაც ორ საათში უკვე გადაეგზავნა ყველა ტურისტულ სააგენტოს კატარში და აგრეთვე საიმიგრაციო დეპარტამენტებს შეტყობინება, რომ ქართველებს შეუძლიათ, შემოსვლა დოჰაში", - განაცხადა ელჩმა.

ელჩის განმარტებით, შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, კატარში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქე რამდენიმე პირობას უნდა აკმაყოფილებდეს. ესენია: მოქმედი პასპორტი, ორივე მიმართულების ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი და1500 დოლარის ოდენობის  ნაღდი თანხა ან იგივე რაოდენობა საკრედიტო ბარათზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე