მედიამ А321-ის აფეთქების შესაძლო ორგანიზატორი დაასახელა

საქართველო, თბილისი - 10:34 | 09.11.2015
ნანახია: 1724

რუსული სამგზავრო თვითმფრინავის А321-ის ბორტზე აფეთქების ორგანიზატორი შესაძლოა, ტერორისტული დაჯგუფება ”სინაის ვილაიეთის” მეთაური აბუ უსამა ალ-მასრი იყოს. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Sunday Times-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აეროპორტში მომუშავე ”სინაის ვილაიეთის” ერთ-ერთმა წევრმა შეიტანა. ლონდონში შიშობენ, რომ ის დღემდე თავისუფალია.

როგორც ცნობილია, აფეთქების ვერსიას მხარი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც დაუჭირა. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით, ამერიკა საკუთარ გამოძიებას ჩაატარებს.

შესაძლო ტერაქტის პირველი ვერსია დიდმა ბრიტანეთმა გააჟღერა. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფილიპ ჰემონდმა განაცხადა, რომ აფეთქებასთან სავარაუდო კავშირი აქვს ”ისლამური სახელმწიფოს” კონტროლის ქვეშ მყოფ ტერორისტულ დაჯგუფებას.

კომპანია ”კოგალიმავიას” თვითმფრინავი Airbus A321, რომელიც შარმ-ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა, კატასტროფა 31 ოქტომბერს განიცადა. ბორტზე მყოფი 224 მგზავრიდან არავინ გადარჩენილა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე